Wednesday, August 7, 2013

redbluepill

მმნაჰ შოკოლადი.

გუშინ გადავწყვიტე ლეპტოპი გვერდზე გადამედო და გარეთ გავსულიყავი. დიდი ხანი იყო, რაც გარეთ არ ვყოფილვარ და ცოტა მეშინოდა. ეგებ სამყარო ძალიან სწრაფად განვითარდა და აღმოვჩნდებოდი მფრინავი ნაძირალა რობოტებით გარშემორტყმული? ან ეგებ აპოკალიფსი იყო და მადაფაქინ რადიაცია მომიღება ბოლოს? ან ეგებ ისევ იგივე იყო?!! ო ღმერთო აი ეს ბოლო კი ყველაზე უარესი იქნებოდა... და გამართლდა ჩემი შიშები! თბილისი თითქმის ისევ იგივე იყო. თითქმის.
 იმედია გიჟად არ შემრაცხავთ თუ გეტყვით, რომ სრული ერთი კვირა იყო რაც გარეთ ცხვირი არ მქონდა გაყოფილი. მობილური, რა თქმა უნდა, როგორც ყოველი არდადეგების დროს, გამორთული მქონდა და ჩაბნელებულ ოთახში ლეპტოპს მივჩერებოდი მანიაკის ღიმილით და ჩალურჯებული თვალებით. ფარდას არ ვწევდი ამიტომ დღე იყო თუ ღამე, ამას მხოლოდ დედაჩემისგან ვიგებდი, რომელიც ანერვიულებული შემომივარდებოდა, ფარდებს გადაწევდა და თითქმის კიოდა რომ ოთახიდან გამოვსულიყავი და რამე მეჭამა.ეს რომ არ ჭრიდა, თვითონ მოქონდა თეფშით საჭმელი და მაგიდაზე მიხეთქებდა. მეც მიყვარხარ დედა.
 ისე, ჩემს ოთახში უშუქობა მხოლოდ იმის ბრალი კი არ იყო, რომ სიბნელისკენ მაქვს მიდრეკილება, უბრალოდ, ერთ მშვენიერ დღეს რაღაც გამიხარდა (ახლა აღარ მახსოვს რა), ხელების ქნევა და ხტუნაობა დავიწყე და ბევრი რომ არ გავაგრძელო, ნათურა ჩამოვამსხვრიე და შემდეგ უკვე ისე დამევასა სიბნელეში ცხოვრება, გამოცვლაზე არც მიფიქრია.
 მოკლედ, იმას გიყვებოდით, რომ გუშინ ძალები მოვიკრიბე, ლეპტოპს shut down–ი მივეცი (რომელსაც დიდი ხნის წინ იმსახურებდა :( ბოდიში ძმა), და აივანზე გავედი. 
თვალები ისე ამეწვა, რომ ასეთი საშინელი წვა მხოლოდ მაშინ მახსოვს, როდესაც სკარმა მუფასა გადააგდო კლდიდან და მერე სიმბა... კარგი არ გვინდა, ახლაც მეწვის თვალები რომ ვიხსენებ.
მოკლედ, დავბრმავდი, სუფთა ჰაერმა ფილტვები გამიხეთქა, მხრებში გამართვამ თავბრუ დამახვია და ასე ბოლომოღებული შემოვბარბაცდი ოთახში. პირველ რიგში წვერი გავიპარსე და დავიბანე და შემდეგ ზალაში ჩავედი და კარადიდან ნათურა ავიღე და ამ დროს ოთახში ჩემი ძმა შემოვიდა, ჩემს დანახვაზე  ადგილზე გაშეშდა და ყალბი სიხარულით მომმვარდა. 
– ვაიმეე ეს ვისა ვხედავ?! შენ ცოცხალი ხარ ბიჭოო?!. 
– ჰა ჰა ჰა....
ჩემი ხუმარა ძმისგან როცა გავთავისუფლდი, ოთახში ნათურა დავაყენე, ჩავიცვი და... ბადამ ტსს... გარეთ გავედი. ყველაფერი ისეთი არარეალური მეჩვენებოდა, რომ ყოველ წამს ველოდი რომელიმე კუთხიდან აგენტი სმიტის გამოსვლას და ჩემთვის პისტოლეტის მოშვერას. მაგრამ არა. თბილისში ისევ ისეთივე მადაფაქინ ბორინგ შითი ხდებოდა, როგორც ყოველთვის. თვალებს ძლივს ვახელდი, მზეს კიდევ ვერ შევჩვეოდი წესიერად. დავდიოდი და უცებ ისე ცუდად ვიგრძენი თავი, რომ ცოტაც და პირდაპირ, შუა ქუჩაში ამერეოდა გული. საზიზღრობაა, გეთანხმებით. მაგრამ თქვენთან გულწრფელი ვარ. <3
 ხოდა გადავწყვიტე, რომ ჭავჭავაძეს გამოვმშვიდობებოდი და ამეხვია მრგვალი ბაღისკენ.სადაც ლუკა პოლარე მეგულებოდა ერთ დროს. გამიხარდა როცა აღმოვაჩინე, რომ ისევ იქ იყო და არა სადმე ახლო–მახლო ან თუნდაც შორს... რადგან ისე ცუდად  ვიყავი, ვეღარ მივაღწევდი. აუჩ!.. ხოდა შევედი, ყავის ნაყინი ავიღე, სავარძელზე მივწექისავით და ნელა დავიწყე ჭამა. გულისრევამ გამიარა და თავში აზრი მომივიდა, რომ ცხოვრება მშვენიერია, როცა ჭამ ნაყინს საყვარელ კაფეში, საკაფოდ წევხარ და უყურებ ჭერს... და არა ადამიანებს
 როგორც კი ჭერს თვალი მოვწყვიტე  და ჩემი მზერა კლიენტებს მივანათე, იმწამსვე ჩამოვვარდი ამაღლებული განწყობიდან. "ჰმ შეხედე ამ უაზრო სახეებს ჩემო თავო." ვფიქრობდი მე, თავს სიმწრით ვიქნევდი და თან ნაყინს შევექცეოდი. კარგი, შეიძლება ცოტა ვაჭარბებ, არც ასეთი მიზანთროპი ვარ. მაგრამ რა დაგიმალოთ, და არ მიყვარს ხალხში ყოფნა. რადგან უბრალოდ ნერვებს მიშლიან და რა ვქნა. მე ჩემს ნერვებს ვუფრთხილდები, რადგან როგორც ვიცით ნერვული უჯრედები აღარ აღდგება და უყარე მერე კაკალი.
ნახვამდის მოკვდავნო.

No comments:

Post a Comment

Note: Only a member of this blog may post a comment.