Thursday, August 15, 2013

littlestory (სერგის ქრონიკები)

რა მოხდება თუ შავ ტყეში შევალ? ბნელ კი არა, შავ ტყეში მეთქი. ალბათ არ გსმენიათ, რომ ტყეს აქვს ერთი გარდამავალი წამი, როცა ის სრულიად შავდება. რთული შესამჩნევია, რადგან ეს ღამე ხდება ხოლმე. ყოველ ღამე...
 და  ვინ უნდა იყოს ის უბედო, რომელიც ზუსტად ამ წამს შეაბიჯებს იქ? დიახ, რა თქმა უნდა, მე.
9 წლისაც არ ვიყავი, სოფელში ვისვენებდით მთელი ოჯახი. მშობლები, ბებიაჩემი და ბაბუაჩემი, ჩემი ძმა და ჩემი სამი ბიძაშვილი თავიანთი მშობლებითურთ. როგორც ხდება ხოლმე, ბავშვებმა ყველაფერი თავზე გადავიმხეთ. მთელი დღეები ვთამაშობდით, ხშირად, როგორც ბავშვებს სჩვევიათ, ძალიან სასტიკ თამაშებსაც ვიგონებდით. ახლა არ მესმის რატომ, მაგრამ ბავშვს რას გაუგებ.
 პატარაობაში საკმაოდ ცუდი როჟა ვიყავი, მაგრამ ჩვენში ყველაზე საზარელი და ყველაზე უფროსი მაინც ჩემი ძმა იყო. სულ კუდში დავყვებოდი, რომ არ გამბრაზებოდა და ყველაფერზე თავს ვუკანტურებდი. მახსოვს, სათამაშო ხმალიც მქონდა, რომლითაც თამაშის წესების დამრღვევებს ხელზე ვუტყამდი ხოლმე. მართალია არც ისე მტკივნეულად, მაგრამ ახლა რომ მახსენდება, საშინელი სევდით ვივსები და ჩემს თავზე გული მერევა.
 მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, იმ ღამეს ბავშვები საშიში ისტორიების ხოდზე ვიყავით მოსულები. სახლის უკან ვიყავით, რომელიც, რამდენიმე გამხმარ ხეს თუ არ ჩავთვლით, ძალიან ვრცელი და ტრიალი მინდორისგან შედგებოდა. სახლისგან საკმაოდ მოშორებით, ქვის მრგვალი მაგიდის გარშემო ვისხედით და ერთმენეთს მოჩვენებებზე, მანიაკებზე, ვამპირებზე და ათას უბედურებაზე ვუყვებოდით. უფროსები კი ვერანდაზე ისხდნენ და ყავას სვამდნენ. თითქოს ახლოს იყვნენ, მაგრამ მე მათ ვერ ვხედავდი და არც მათი ხმა მესმოდა, რადგან ვერანდა წინა მხარეს იყო. უცნაურია, რამხელა განსხვავება იყო მაშინ ჩვენი, ბავშვების სამყაროსა და მათი, უფროსების სამყაროს შორის. შუაში მთელი ნაპრალი იყო. აქეთა მხარეს საშინელი, ბნელი ურჩხულები იყვნენ. არ იყო სიხარული, ბედნიერება და თანაგრძნობა. ყველა თავისებურად სასტიკი იყო. არ მინდოდა მეღიარებინა, მაგრამ ჩემი ძმის მეშინოდა, მითუმეტეს იმ მომენტში, როდესაც სერიულ მკვლელზე ყვებოდა რაღაც ისტორიას. მახსოვს ყოველ წამს უკან ვიხედებოდი და რამე საზარელის დანახვას ველოდი. და ვხედავდი კიდეც. გაშლილ, ბნელ ველს. გრძელ ბალახებს და ხეების ფოთლებს სუსტი ქარი აშრიალებდა. მოშორებით კი, სადაც ველი მთავრდებოდა, ტყე მოჩანდა. ცა გაცრეცილი მუქი ლურჯი ხდებოდა. ჯერ მთლიანად დაღამებული არ იყო, მაგრამ ცოტა აკლდა.
 აი ტყე კი ძალიან ბნელი მეჩვენებოდა. ყოველ მიხედვაზე ხმაურით ვყლაპავდი ნერწყვს და ისევ ჩემს ძმას შევხედავდი ხოლმე, რომელიც არა და არ ჩერდებოდა. არ ვიცოდი რა ეშმაკი შეუჩნდა, მაგრამ თვალები უნათებდა და უფრო და უფრო სასტიკ რაღაცეებს ყვებოდა. ჩემი ბიძაშვილები აშკარად ჩემნაირად შეშფოთებულები იყვნენ, მაგრამ ხმის ამოღებას ვერ ბედავდნენ. მათგან ყველაზე უფროსი არ იმჩნევდა და ხმამაღლა გადაიხარხარებდა ხოლმე. თუმცა არ მესმოდა სასაცილო რა იყო. ერთი სიტყვით, ყველა ერთმანეთს ვეჯიბრებოდით გამძლეობაში.
 არ ვიცი რატომ მოხდა ეს ყველაფერი, როგორ არ გააჩერეს ჩემი ძმა, ან თვითონ რა უნდოდა ჩემგან. მაგრამ, როდესაც კიდევ ერთხელ მივიხედე უკან, მან თხრობა გაწყვიტა და დამიძახა.
 - ჰეი, სერგი.
მე სრაფად შემოვტრიალდი და გადიდებული თვალებით მივაჩერდი ჩემს ძმას, რომელსაც ვერ ვცდნობდი. ის ძმა არ იყო, რომელთან ერთადაც კინოში ვიყავით თბილისში და ხმამაღლა ვიცინოდით ყველაფერზე. ან ის ძმა, რომელთანაც ათას რაღაცაზე ვლაპარაკობდი ძილის წინ. მან ტრანსფორმაცია განიცადა. გადაიქცა ვიღაც უცხოდ. ადამიანად, რომელსაც უნდოდა, რომ თავი გამოეჩინა თავის ბიძაშვილებთან და მე სულ ფეხებზე ვეკიდე. უნდოდა რომ დავემცირებინე და ამით თვითონ ამაღლებულიყო მათ თვალში.
 ბევრი რომ არ გავაგრძელო, დამაბრალა რომ მეშინოდა და მითხრა, თუ იმ ტყეში არ შევიდოდი, მთელი ცხოვრება მშიშარა ქრცვინს დამიძახებდა. აზრზე არ ვარ ეს სახელწოდება საიდან მოიტანა, მაგრამ პირდაპირ ათიანში მოარტყა. ფეხზე წამოვხტი და ტყისკენ უკანმოუხედავად გავიქეცი. აღარ შემეძლო მისი დაცინვების ატანა. ეგებ ამის შემდეგ მაინც დაენებებინა თავი? თან არ მინდოდა დაენახა, რომ ვტიროდი.
ქამარზე გამობმული სათამაშო ხმალი ფეხზე მერტყმებოდა. არ გავჩერებულვარ სანამ ტყესთან არ მივედი. უკნიდან ვიღაცის ძახილი მესმოდა, მაგრამ ვერ გავარჩიე რა. ისიც კი ვერ გავიგე ვინ იყო, ჩემი ძმა თუ ბიძაშვილები.
 რამდენიმე წამით შევიცადე ტყესთან რომ სული მომეთქვა. მაგრამ ესეც საკმარისი იყო, რომ დამენახა როგორც გაცოცხლდა ტყე ჩემს წინ. უცებ, თითქოს ყველა ხემ ჩემს წინააღმდეგ პირი შეკრაო, ავისმომასწავებლად აშრიალდნენ. შემეძლო დამეფიცა, რომ ტყე ცოცხალი იყო და ჩემს წინააღმდეგ რაღაც ჰქონდა ჩაფიქრებული. მაინც შევედი. რადგან ვიცოდი რომ ჩემი ძმა და დანარჩენები დამცინავი სახით მიყურებდნენ სადღაც შორიდან.
 როგორც კი ფეხი შევდგი, მეგონა რომ გული წამივიდა, რადგან თვალებში დამიბნელდა. მაგრამ არ წავქცეულვარ, ისევ იგივე ადგილას ვიდექი. უცებ გულისცემა გავიგე. ჯერ ჩემი მეგონა, მაგრამ გულზე ხელი მივიდე და ჩემი გული სხვა რიტმში ცემდა. არ ვიცი რამდენი ხანი ვიდექი ასე, მაგრამ მახსოვს, რომ უკუნეთი სიბნელე იყო, და ისიც მახსოვს, რომ მერჩივნა იმწამსვე მოვმკვდარიყავი, ვიდრე კიდევ ვმდგარიყავი იმ საშინელ ადგილას.
 როდესაც, როგორც იქნა, თვალები ამეხილა და ყველაფერი ჩაჩუმდა, ჩემს წინ ისევ ტყე აღიმართა. რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი წინ. ვგრძნობდი, რომ რაღაც ვერ იყო რიგზე, თუმცა რა, ვერ ვხვდებოდი. რამდენიმე წუთი ვიდექი და ბოლოს, როდესაც გადავწყვიტე, რომ საკმარისი იყო და გამობრუნება დავაპირე, ნაბიჯების ხმა გავიგე...
 ყრუდ ისმოდა ბალახზე, მაგრამ მაინც გავიგე. ან როგორ ვერ უნდა გამეგო იმ სიჩუმეში?.. ასეთი შიში ცხოვრებაში არ მიგვრძნია. თითქოს ფილტვებს ვიღაცამ კლანჭები მოუჭირა და გახეთქაო. სუნთქვა არ მყოფნიდა. იქვე ჩავიმუხლე სადაც ვიდექი და ზურგით ხეს მივეყრდენი. თავი მისკდებოდა. თითქოს მიზიდულობა ათჯერ გაიზარდა. მიწას მივეკარი და ველოდი ნაბიჯების პატრონის გამოჩენას.
 მას არ დაუყოვნებია. რამდენიმე სანტიმეტრით ჩაუარა იმ ხეს, რომლის უკანაც ვიმალებოდი. ძალიან მაღალი და ავადმყოფურად გამხდარი ტიპი იყო. უბრალოდ მაღალი კი არ იყო, აი როგორ გითხრათ, მისი სილუეტი არ იყო ნორმალური ადამიანის სილუეტი. რაღაცნაირად, უშნოდ წაგრძელებული იყო, თითქოს ბებიაჩემის სათვალიდან ვუყურებდი. მარცხენა ხელში ნაჯახი ეჭირა. ამის დანახვაზე დაყვირება მომინდა, მაგრამ დროზე შევიკავე თავი, და მხოლოდ ჰაერი ჩავისუნთქე.
 უცებ გაჩერდა და მოუბრუნებლად დაიწყო უკან-უკან წამოსვლა. თითქოს აკან გადაახვიეს მისი ჩავლაო. მიწაზე სახით დავეცი, ვეღარ ვსუნთქავდი. მარჯვენა ხელით სათამაშო ხმალი ჩავბღუჯე, თუმცა აზრზე არ ვიყავი რას მიშველიდა. უცებ, საღაც შორიდან სირბილის ხმა გავიგე. თავისტკივილმა იმწამსვე გამიარა, დაძაბული აურაც მოიხსნა. თითქოს საშინელი წუილი ისმოდა დიდი ხნის განმავლობაში და უცებ გაჩერდაო. ვიღაც დაიხარა ჩემთან და ყოველ წამს ველოდი ნაჯახის მოქნევის ხმას და სიკვდილს.
 - ჰეი, სერგი.
ჩემი ძმა იყო. თვალები გავახილე და ავიხედე. ტიროდა. სასწრაფოდ წამომაყენა და უსიტყვოდ გამიყვანა ტყიდან.
 ამ ამბავზე კრინტი არ დამიძრავს. არ ჩემს ძმას არ უთქვამს არავისთვის, რომ დავარდნილი მიპოვა და არც მე არ მითქვამს არაფერი. მაგრამ მას შემდეგ თითქოს მოტყდა ჩემი ძმა. ჩვენს დაცინვაზე ხელი აიღო და საკმაოდ ბულკი გახდა. 
 ახლა ისევ იგივე ტყეში ვზივარ და ბლოკნოტში ვწერ, რომ ჩემს შემდეგ ბლოგზე გადავიტანო. დილაა, ამიტომ პრობლემა არ მაქვს. დილით საკმაოდ სასიამოვნოც კია აქ ყონა. არავინ მიშლის და ჩემთვის ვარ. თან აქ მოსვლამ ბევრი დავიწყებული დეტალი გამახსენა.
 თქვენ წარმოიდგინეთ, გუშინ საღამოს ქვის მაგიდის გარშემო ვისხედით მე, ჩემი ძმა და ჩემი სამი ბიძაშვილი და ძველ დროს სიცილით ვიხსენებდით.  პატარა ბიძაშვილს ჩემი შესვლაც გაახსენდა ტყეში და მკითხა გახსოვსო? როგორი იყოო?
 ამაზე ჩემმა ძმამ თავი ჩაქინდრა.
 - მაგარი იდიოტი ვიყავი. აი მაგარი. და თქვენც მაგარი იდიოტები იყავით რომ მისმენდით - თქვა მან.
- აუ კი, იმენა შენი ცემა მინდება ეგ რომ მახსენდება. მაგრამ ახლა ისეთი ბუნჩულა ხარ. და ჩვენც ისეთი ბუნჩულები ვართ! რა საშინელი ბავშვები ვიყავით. ვაიმე! ახლა რომ მახსენდება!.. - თქვა შუათანამ გაოცებული სახით.
 - მე ძალიანაც მიხარია მაშინ იქ რომ გამაგზავნეს - ვთქვი მე ღიმილით და კაკაო მოვსვი.
 - რატომ?! - იკითხა ყველამ ერთხმად, ჩემი ძმის ჩათვლით.
 - იმიტომ, რომ ჯეკ მფატრავი ვნახე, ან კიდევ უარესი. და, ერთი სიტყვით, ეგ რომ არა, დარწმუნებული ვარ, საკმაოდ მოსაწყენი და ჩვეულებრივი როჟა გავიზრდებოდი. აი მაგალითად, როგორიც ჩემი ძმაა - თავით ვანიშნე ჩემს ძმაზე. მან ხელი გამკრა.
 - დებილი ხარ სერგი. აი სრული იდიოტი. იცი როგორ შემეშინდა მაშინ?
 - მე სულ არ შემეშინდა. წამოვწექი და ვისვენებდი. შენ კიდევ თავზე წამომადექი ტირილით "ხომ კარგად ხარ სერგიი?! ძამიკოო! ვავჰაჰაჰაჰაჰა!"
 ჩემი ძმა გაწითლდა. მე მხრები ავიჩეჩე და კიდევ ერთი ყლუპი მოვსვი.
არა რა... რაც არ უნდა თქვათ, სამაგიეროს გადახდა სასტიკად სასიამოვნოა.

იმ ნაჯახიან კაცს რაც შეეხება... აზრზე არ ვარ. არ მკითხოთ. მეც არ ვიცი. და არც მინდა ვიცოდე.

No comments:

Post a Comment

Note: Only a member of this blog may post a comment.