მაღაზიიდან გამოსულმა თავში ხელი შემოვირტყი. ყოველთვის ვამაყობდი იმით, რომ ყველაფერს ვაკვირდები და ყველა დეტალს ვიჭერ. როგორ მომივიდა, რომ ყოველდღე ვყიდულობ ყავას და გამყიდველი ვერ დავიმახსოვრე სახეზე? არც შემიხედავს, თორემ დავიმახსოვრებდი. მხოლოდ მისი გადღაბნილი სილუეტი მახსოვდა უკანა პლანზე, როდესაც ჩემს ყურდას და ყავას ვიღებდი დახლიდან. ის კი ყოველთვის მხედავდა და მარტო ცივ ყავას რომ ვყიდულობდი, ისიც კი ჰქოდა შემჩნეული. ეს ფიქრი ცოტა სევდიანი მომეჩვენა.
ვიწრო ქუჩაზე ავუხვიე და საკმაოდ მიტოვებულ, ქვის კიბეებზე ჩამოვჯექი. ცოტა ხანი ვიფიქრე ამაზე და ისევ იმ დასკვნამდე მივედი, რომ ყველას ჩვენი სამყარო და ჩვენი რეალობა გვაქვს.
ეს ე.წ. ობიექტური რეალობა ძალიან ზოგადი ცნებაა. ის თითქმის არ არსებობს.
ეს სევდიანი ფაქტი იმან დააგვირგვინა, რომ გახსნისას ყავის ქილა ხელიდან გამისრიალდა და ტკაპან-წკაპანით დაგორდა დაღმართზე და ყავისფერი კვალი დატოვა. ნერვები ისე მომეშალა, კანკალი დავიწყე. ეს ხომ ჩემი ყოველდღიური რიტუალი იყო? ყავის დალევა სადმე მიტოვებულ ქუჩაზე ან პარკში... ეგებ იმ გამყიდველმა გოგომ დაარღვია ჩემი ჯადოსნური წრე, დამანახა რომ ჩემი რეალობა ტყული ყოფილა? დამანახა, რომ ათას რამეს ვერ ვხედავ და ვერასოდეს დავინახავ. ისეთ რაღაცებს, რაც პირდაპირ მე მეხება.
ახლა უკვე შიშისგან ავკანკალდი. ის რეალობა რაც გარს მარტყია, დიდი ძალისხმევის შედეგად ავაგე. მე ჩემს სამყაროში ვცხოვრობ უკვე რამდენიმე წელია და არავის ვუშვებ შიგნით. არავის. ეს მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი. რა ვქნა, რომ ისევ ჩავჯდე ჩემს ჩვეულებრივ, ჯადოსნურ რუტინაში, რომელიც ერთადერთი ცხოვრების სტილია რომელიც მე ვიცი, მესმის და ვიღებ?
აღარ მივიდე სუპერმარკეტში, თუ ისევ ყოველდღე ვიარო და ვითომ არაფერი, ისევ გავაგრძელო გამყიდველის არშემჩნევა? მაგრამ ამჯერად ეს უკვე ძალით არშემჩნევა იქნება. ცივმა ოფლმა დამასხა. ნუთუ ჩემი ცხოვრება იცვლება? არა. ამის უფლებას არავის მივცემ. მითუმეტეს საკუთარ თავს. განგაში! სასწრაფოდ ვიწყებ ახალი დამცავი ბარიერების აგებას ჩემს გარშემო, რადგან, როგორც ჩანს, წინა დაძველდა და დაშლას იწყებს.
ღრმად ვისუნთქავ. ვემზადები ჩემთვის ახალი, უფრო მრავალფეროვანი და ნამდვილი სამყაროს შესაქმნელად. გონებას ვძაბავ. მთავარია სრული კონცენტრაცია. ყველაფერი გამოვა.
No comments:
Post a Comment
Note: Only a member of this blog may post a comment.