Thursday, August 8, 2013

evilfuture (სერგის ქრონიკები)

"თითქმის სავსე მთვარეს შევყურებ და ისიც შემომყურებს. მე, ჩემს საყვარელ ადგილას, ჩემი ოთახის ფანჯრის რაფაზე ვზივარ და სამყაროს გავყურებ მოჭუტული თვალებით. რა მოხდებოდა ერთი წამით გვიან რომ დავმჯდარიყავი? ან ერთი წამით ადრე? ალბათ არაფერი, მაგრამ მაინც კარგია ასეთ ფილოსოფიურ რაღაცებზე ფიქრი. ტვინს ავარჯიშებსო გამიგია.
წარმოსახვითი ცრემლი მიგორდება ლოყაზე და მე მე აღარ ვარ. ნეტა რა მოხდება, ახლა რომ უბრალოდ გავშალო ფრთები და გავფრინდე?.. ალბათ უბრალოდ ასფალტზე დავენარცხები და ვეღარც ამაფხეკენ. მაგრამ მაინც კარგია, როცა წარმოიდგენ რომ ტვინის გასხმის მაგივრად რამე სხვა, რამე ჯადოსნური მოხდება. რამე სხვა. რამე სხვა..."
 ჰმ, მგონი მშვენიერი დასაწყისია ჩემი ახალი მოთხრობისთვის. მიხარია, ხტუნვა-ხტუნვით მივდივარ პეჩენიების შეკვრისკენ და კიდევ ერთ ცალს ვიღებ. ალბათ მწერალი გამოვალ. ალბათ კი არა გამოვალ. რა სჯობს სახლში გდებას და ჯღაპნას? არაფერი.
 სავარაუდოდ, სადმე ქალაქისგან მოშორებით, რამე პატარა სახლს ავაშენებ, სულ მარტო ვიცხოვრებ გამოყრუებული და დავწერ და დავწერ ყველაფერზე. თუ ამით ფული არ შემომივა, მაშინ თქვენ არ იდარდოთ, სხვა გეგმებიც მაქვს ჩემს მომავალთან დაკავშირებით. მაგრამ ყველაზე ძალიან ეს სცენარი მინდა რომ განვითარდეს. მე, ბუხარი, ლეპტოპი მუცელზე და არაფერი და არავინ. არასოდეს! არაჩვეულებრივია. ამის წარმოდგენაზე, ისევე როგორც ჩემი მოთხრობის მთავარ გმირს, მეც წარმოსახვითი ცრემლი ჩამომიგორდა ლოყაზე და ოცნებებში წავედი.
 რაღაც ჭახანმა გამიფანტა ოცნებები. "ჰმ, რისი ხმაა?" გავიფიქრე მოჭუტული თვალებით და აივანთან მივიპარე, ვინაიდან, ჩემს სმენას თუ დავუჯერებთ, იქიდან მოისმა ის ავბედითი ჭახანი. საერთოდ ძალიან არ მიყვარს ჭახანის ხმა. პრობლემა არ მაქვს ჯახანთან, ტყლაპანთან, ჯახჯახთან, დგაფანთან, მაგრამ აი ჭახანი კი რა ვქნა და არ მევასება.
მოკლედ, მივიპარე მეთქი აივნის კართან და ფრთხილად გამოვაღე, ვინაიდან ცხოვრებამ მასწავლა რომ ყოველთვის ფრთხილად უნდა იყო, მიტუმეტეს თუ იმ საღამოს ბოროტი ორეულები დაძრწიან გარეთ.
 მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, მივიპარე მეთქი აივნის კართან და გამოვაღე. და ვაგლახ!.. არაფერი. რატომ მიკეთებს ამას? ხომ იცით, როცა რაღაც არაჩვეულებრივის ნახვის ხოდზე მოვდივარ, მერე მიჭირს უკან გადართვა და დამშვიდება. damn you all!!!
 მაგრამ თავი ხელში ამყავს, ვუღიმი სიცარიელეს და თვალს ვუკრავ. "ვიცი რომ მანდ ხარ. უბრალოდ უჩინარი ხარ."
ხანდახან ჩემი ეშმაკობა მეთვითონ მაოცებს ხოლმე და საკუთარ თავს ტაშს ვუკრავ, ვტრიალდები ქუსლებზე და ვტოვებ სცენას.
 მგონი ახლა რაც მოვყევი, ის აუცილებლად უნდა ჩავსვა ჩემს მოთხრობაში. რას იტყვით? თუ არ არის საკმარისად რომანტიკული და მისტიკური? არაუშავს, ზოგ ადგილს შევალამაზებ.
 თქვენ კი გემშვიდობებით, თავს მოუარეთ და ფრთხილად იყავით. ვინაიდან, როგორც გითხარით, გარეთ ბოროტი ორეულები დაეხეტებიან. ამიტომ სახლში დაეგდეთ, სვით ჩაი და დააყოლეთ შოკოლადის პეჩენიები.

No comments:

Post a Comment

Note: Only a member of this blog may post a comment.