Friday, August 9, 2013

floorgod (სერგის ქრონიკები)

მე ღმერთი ვარ. არ გჯერათ? პეჩენიას როცა ვაწობდი ჩაიში მაშინ მივხვდი. უცებ ჩემს ხელზე გამიშტერდა თვალი და დიდი ხანი, თვალისდაუხამხამებლად ვუყურებდი, სანამ თვალებში არ დამიბნელდა და მარტო ჩემს ხელს არ ვხედავდი შავ ფონზე. მე ღმერთი ვარ. რაც არ უნდა უცნაური მოგეჩვენოთ, ეს მე ჩემმა ხელმა მითხრა.
ყოველთვის ვგრძნობდი, რომ სამყაროს საიდუმლო ჩვენს გვერდზე იყო, თვალის კუთხეში ვხედავდი, მაგრამ როგორც კი თავს ვაბრუნებდი, ქრებოდა.
 მე შევქმენი ჩემი თავი. ყველგან ღმერთი ვარ. ნებისმიერ ადამიანს შემიძლია ის ვაფიქრებინო რაც მინდა. მაგალითად იმ ადამიანს, რომელიც ახლა ქუჩაზე გადადის.
 მე მინდა მან იფიქროს, რომ ცხოვრება მშვენიერია. აი აწია თავი და გაბრწყინებული თვალებით მიმოიხედა.
 ახლა კი მინდა, რომ მოიწყინოს და ცხოვრება შეძულდეს. აი, ცოტა დაიძაბა, შუბლი შეიჭმუხნა და უფრო მძიმედ, გაბრაზებით ადგამს ნაბიჯებს.
 ეს ყველაფერი ჩემს თავში ხდება, ჩემს რეალობაში. მაგრამ ვინ თქვა, რომ ეს სიმართლე არ არის? შეიძლება ის ამ მომენტში არაფერზე არ ფიქრობს, მაგრამ ამას ჩემთან არაფერი არ ესაქმება. მთავარია ჩემს სამყაროში მე როგორ აღვიქვამ მას. ჩვენ ყველანი ჩვენს რეალობაში ვცხოვრობთ და ეს არის ჩვენი სიმართლე. მე ჩემს სამყაროში ღმერთი ვარ და ყველაფერი ისე ხდება, როგორც მე მინდა.
 ასეთ თემებზე ფიქრი თავს მატკიებს, მაგრამ საჭიროა, რომ განვითარდე. სკამიდან ჩამოვცურდი და იატაკზე დავწექი გვერდულად. ფანჯარაც ღიაა და აივნის კარიც. ორპირია, საკმაოდ ცივა. ჰმმ... რატომ ცივა, მე ხომ ღმერთი ვარ? ალბათ ასე მინდოდა და მაგიტომ. აჰა, მშვენიერი ახსნა ვიპოვე. მე ქვეცნობიერად მინდა რომ ციოდეს და...
კარებზე კაკუნია და დედაჩემი შემოდის რაფაელოს ყუთით ხელში. აი ეს მესმის. ვნთქავ რაფაელოს და უცებ ენაზე ვიკბინე. fuck fuck fuck this shitshithsithiethshit!!!!!!!!! რატომ არსებობს ასეთი ტკივილი? ეს უბრალოდ არაადამიანობაა. საშინელებაა.
 ხოდა რას ვამბობდი?.. იმას რომ ღმერთი ვარ. ჩვენ ყველანი ღმერთები ვართ ჩვენს სამყაროებში. ამაზე ფიქრში ჩამეძინა.
გაღვიძება საკმაოდ მტკივნეული იყო. მუცელზე გადმოვბრუნდი და ძლივს ავეხეტე იატაკიდან. დამესიზმრა, რომ ღრუბელზე ვიჯექი და ელვებს ვისროდი იქიდან. ალბათ ჩემი ქვეცნობიერის აზრით ეგ არის ღმერთად ყოდნა. მაგრამ არა მეთქი, ღმერთად ყოფნაა, მაგალითად, ჩემი ცხოვრება. ვსეირნობ ხოლმე, უფრო ხშირად მარტო. ერთი შეხედვით, უინტერესოდ ვათვალიერებ ყველაფერს, ვყიდულობ ყავას წასაღებ ჭიქაში და მარტო ვჯდები პარკში, ვსვამ და ვამთქნარებ. ჩემი შემხედვარე, ვინ იფიქრებს რომ ამ წამს ჩაუარა მთქანრებით დაკავებულ ღმერთს? ვერავინ. აი ამაშია მუღამი.
ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ, თქვენც შეგიძლიათ იყოთ ღმერთი. მთავარია დაიჯეროთ, რომ ხართ. ცხოვრება ასჯერ, ათასჯერ უფრო საინტერესო გახდება. ცადეთ.
მანამდე ბოლო რაფაელოს დავამთავრებ.

No comments:

Post a Comment

Note: Only a member of this blog may post a comment.