Thursday, August 15, 2013

littlestory (სერგის ქრონიკები)

რა მოხდება თუ შავ ტყეში შევალ? ბნელ კი არა, შავ ტყეში მეთქი. ალბათ არ გსმენიათ, რომ ტყეს აქვს ერთი გარდამავალი წამი, როცა ის სრულიად შავდება. რთული შესამჩნევია, რადგან ეს ღამე ხდება ხოლმე. ყოველ ღამე...
 და  ვინ უნდა იყოს ის უბედო, რომელიც ზუსტად ამ წამს შეაბიჯებს იქ? დიახ, რა თქმა უნდა, მე.
9 წლისაც არ ვიყავი, სოფელში ვისვენებდით მთელი ოჯახი. მშობლები, ბებიაჩემი და ბაბუაჩემი, ჩემი ძმა და ჩემი სამი ბიძაშვილი თავიანთი მშობლებითურთ. როგორც ხდება ხოლმე, ბავშვებმა ყველაფერი თავზე გადავიმხეთ. მთელი დღეები ვთამაშობდით, ხშირად, როგორც ბავშვებს სჩვევიათ, ძალიან სასტიკ თამაშებსაც ვიგონებდით. ახლა არ მესმის რატომ, მაგრამ ბავშვს რას გაუგებ.
 პატარაობაში საკმაოდ ცუდი როჟა ვიყავი, მაგრამ ჩვენში ყველაზე საზარელი და ყველაზე უფროსი მაინც ჩემი ძმა იყო. სულ კუდში დავყვებოდი, რომ არ გამბრაზებოდა და ყველაფერზე თავს ვუკანტურებდი. მახსოვს, სათამაშო ხმალიც მქონდა, რომლითაც თამაშის წესების დამრღვევებს ხელზე ვუტყამდი ხოლმე. მართალია არც ისე მტკივნეულად, მაგრამ ახლა რომ მახსენდება, საშინელი სევდით ვივსები და ჩემს თავზე გული მერევა.
 მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, იმ ღამეს ბავშვები საშიში ისტორიების ხოდზე ვიყავით მოსულები. სახლის უკან ვიყავით, რომელიც, რამდენიმე გამხმარ ხეს თუ არ ჩავთვლით, ძალიან ვრცელი და ტრიალი მინდორისგან შედგებოდა. სახლისგან საკმაოდ მოშორებით, ქვის მრგვალი მაგიდის გარშემო ვისხედით და ერთმენეთს მოჩვენებებზე, მანიაკებზე, ვამპირებზე და ათას უბედურებაზე ვუყვებოდით. უფროსები კი ვერანდაზე ისხდნენ და ყავას სვამდნენ. თითქოს ახლოს იყვნენ, მაგრამ მე მათ ვერ ვხედავდი და არც მათი ხმა მესმოდა, რადგან ვერანდა წინა მხარეს იყო. უცნაურია, რამხელა განსხვავება იყო მაშინ ჩვენი, ბავშვების სამყაროსა და მათი, უფროსების სამყაროს შორის. შუაში მთელი ნაპრალი იყო. აქეთა მხარეს საშინელი, ბნელი ურჩხულები იყვნენ. არ იყო სიხარული, ბედნიერება და თანაგრძნობა. ყველა თავისებურად სასტიკი იყო. არ მინდოდა მეღიარებინა, მაგრამ ჩემი ძმის მეშინოდა, მითუმეტეს იმ მომენტში, როდესაც სერიულ მკვლელზე ყვებოდა რაღაც ისტორიას. მახსოვს ყოველ წამს უკან ვიხედებოდი და რამე საზარელის დანახვას ველოდი. და ვხედავდი კიდეც. გაშლილ, ბნელ ველს. გრძელ ბალახებს და ხეების ფოთლებს სუსტი ქარი აშრიალებდა. მოშორებით კი, სადაც ველი მთავრდებოდა, ტყე მოჩანდა. ცა გაცრეცილი მუქი ლურჯი ხდებოდა. ჯერ მთლიანად დაღამებული არ იყო, მაგრამ ცოტა აკლდა.
 აი ტყე კი ძალიან ბნელი მეჩვენებოდა. ყოველ მიხედვაზე ხმაურით ვყლაპავდი ნერწყვს და ისევ ჩემს ძმას შევხედავდი ხოლმე, რომელიც არა და არ ჩერდებოდა. არ ვიცოდი რა ეშმაკი შეუჩნდა, მაგრამ თვალები უნათებდა და უფრო და უფრო სასტიკ რაღაცეებს ყვებოდა. ჩემი ბიძაშვილები აშკარად ჩემნაირად შეშფოთებულები იყვნენ, მაგრამ ხმის ამოღებას ვერ ბედავდნენ. მათგან ყველაზე უფროსი არ იმჩნევდა და ხმამაღლა გადაიხარხარებდა ხოლმე. თუმცა არ მესმოდა სასაცილო რა იყო. ერთი სიტყვით, ყველა ერთმანეთს ვეჯიბრებოდით გამძლეობაში.
 არ ვიცი რატომ მოხდა ეს ყველაფერი, როგორ არ გააჩერეს ჩემი ძმა, ან თვითონ რა უნდოდა ჩემგან. მაგრამ, როდესაც კიდევ ერთხელ მივიხედე უკან, მან თხრობა გაწყვიტა და დამიძახა.
 - ჰეი, სერგი.
მე სრაფად შემოვტრიალდი და გადიდებული თვალებით მივაჩერდი ჩემს ძმას, რომელსაც ვერ ვცდნობდი. ის ძმა არ იყო, რომელთან ერთადაც კინოში ვიყავით თბილისში და ხმამაღლა ვიცინოდით ყველაფერზე. ან ის ძმა, რომელთანაც ათას რაღაცაზე ვლაპარაკობდი ძილის წინ. მან ტრანსფორმაცია განიცადა. გადაიქცა ვიღაც უცხოდ. ადამიანად, რომელსაც უნდოდა, რომ თავი გამოეჩინა თავის ბიძაშვილებთან და მე სულ ფეხებზე ვეკიდე. უნდოდა რომ დავემცირებინე და ამით თვითონ ამაღლებულიყო მათ თვალში.
 ბევრი რომ არ გავაგრძელო, დამაბრალა რომ მეშინოდა და მითხრა, თუ იმ ტყეში არ შევიდოდი, მთელი ცხოვრება მშიშარა ქრცვინს დამიძახებდა. აზრზე არ ვარ ეს სახელწოდება საიდან მოიტანა, მაგრამ პირდაპირ ათიანში მოარტყა. ფეხზე წამოვხტი და ტყისკენ უკანმოუხედავად გავიქეცი. აღარ შემეძლო მისი დაცინვების ატანა. ეგებ ამის შემდეგ მაინც დაენებებინა თავი? თან არ მინდოდა დაენახა, რომ ვტიროდი.
ქამარზე გამობმული სათამაშო ხმალი ფეხზე მერტყმებოდა. არ გავჩერებულვარ სანამ ტყესთან არ მივედი. უკნიდან ვიღაცის ძახილი მესმოდა, მაგრამ ვერ გავარჩიე რა. ისიც კი ვერ გავიგე ვინ იყო, ჩემი ძმა თუ ბიძაშვილები.
 რამდენიმე წამით შევიცადე ტყესთან რომ სული მომეთქვა. მაგრამ ესეც საკმარისი იყო, რომ დამენახა როგორც გაცოცხლდა ტყე ჩემს წინ. უცებ, თითქოს ყველა ხემ ჩემს წინააღმდეგ პირი შეკრაო, ავისმომასწავებლად აშრიალდნენ. შემეძლო დამეფიცა, რომ ტყე ცოცხალი იყო და ჩემს წინააღმდეგ რაღაც ჰქონდა ჩაფიქრებული. მაინც შევედი. რადგან ვიცოდი რომ ჩემი ძმა და დანარჩენები დამცინავი სახით მიყურებდნენ სადღაც შორიდან.
 როგორც კი ფეხი შევდგი, მეგონა რომ გული წამივიდა, რადგან თვალებში დამიბნელდა. მაგრამ არ წავქცეულვარ, ისევ იგივე ადგილას ვიდექი. უცებ გულისცემა გავიგე. ჯერ ჩემი მეგონა, მაგრამ გულზე ხელი მივიდე და ჩემი გული სხვა რიტმში ცემდა. არ ვიცი რამდენი ხანი ვიდექი ასე, მაგრამ მახსოვს, რომ უკუნეთი სიბნელე იყო, და ისიც მახსოვს, რომ მერჩივნა იმწამსვე მოვმკვდარიყავი, ვიდრე კიდევ ვმდგარიყავი იმ საშინელ ადგილას.
 როდესაც, როგორც იქნა, თვალები ამეხილა და ყველაფერი ჩაჩუმდა, ჩემს წინ ისევ ტყე აღიმართა. რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი წინ. ვგრძნობდი, რომ რაღაც ვერ იყო რიგზე, თუმცა რა, ვერ ვხვდებოდი. რამდენიმე წუთი ვიდექი და ბოლოს, როდესაც გადავწყვიტე, რომ საკმარისი იყო და გამობრუნება დავაპირე, ნაბიჯების ხმა გავიგე...
 ყრუდ ისმოდა ბალახზე, მაგრამ მაინც გავიგე. ან როგორ ვერ უნდა გამეგო იმ სიჩუმეში?.. ასეთი შიში ცხოვრებაში არ მიგვრძნია. თითქოს ფილტვებს ვიღაცამ კლანჭები მოუჭირა და გახეთქაო. სუნთქვა არ მყოფნიდა. იქვე ჩავიმუხლე სადაც ვიდექი და ზურგით ხეს მივეყრდენი. თავი მისკდებოდა. თითქოს მიზიდულობა ათჯერ გაიზარდა. მიწას მივეკარი და ველოდი ნაბიჯების პატრონის გამოჩენას.
 მას არ დაუყოვნებია. რამდენიმე სანტიმეტრით ჩაუარა იმ ხეს, რომლის უკანაც ვიმალებოდი. ძალიან მაღალი და ავადმყოფურად გამხდარი ტიპი იყო. უბრალოდ მაღალი კი არ იყო, აი როგორ გითხრათ, მისი სილუეტი არ იყო ნორმალური ადამიანის სილუეტი. რაღაცნაირად, უშნოდ წაგრძელებული იყო, თითქოს ბებიაჩემის სათვალიდან ვუყურებდი. მარცხენა ხელში ნაჯახი ეჭირა. ამის დანახვაზე დაყვირება მომინდა, მაგრამ დროზე შევიკავე თავი, და მხოლოდ ჰაერი ჩავისუნთქე.
 უცებ გაჩერდა და მოუბრუნებლად დაიწყო უკან-უკან წამოსვლა. თითქოს აკან გადაახვიეს მისი ჩავლაო. მიწაზე სახით დავეცი, ვეღარ ვსუნთქავდი. მარჯვენა ხელით სათამაშო ხმალი ჩავბღუჯე, თუმცა აზრზე არ ვიყავი რას მიშველიდა. უცებ, საღაც შორიდან სირბილის ხმა გავიგე. თავისტკივილმა იმწამსვე გამიარა, დაძაბული აურაც მოიხსნა. თითქოს საშინელი წუილი ისმოდა დიდი ხნის განმავლობაში და უცებ გაჩერდაო. ვიღაც დაიხარა ჩემთან და ყოველ წამს ველოდი ნაჯახის მოქნევის ხმას და სიკვდილს.
 - ჰეი, სერგი.
ჩემი ძმა იყო. თვალები გავახილე და ავიხედე. ტიროდა. სასწრაფოდ წამომაყენა და უსიტყვოდ გამიყვანა ტყიდან.
 ამ ამბავზე კრინტი არ დამიძრავს. არ ჩემს ძმას არ უთქვამს არავისთვის, რომ დავარდნილი მიპოვა და არც მე არ მითქვამს არაფერი. მაგრამ მას შემდეგ თითქოს მოტყდა ჩემი ძმა. ჩვენს დაცინვაზე ხელი აიღო და საკმაოდ ბულკი გახდა. 
 ახლა ისევ იგივე ტყეში ვზივარ და ბლოკნოტში ვწერ, რომ ჩემს შემდეგ ბლოგზე გადავიტანო. დილაა, ამიტომ პრობლემა არ მაქვს. დილით საკმაოდ სასიამოვნოც კია აქ ყონა. არავინ მიშლის და ჩემთვის ვარ. თან აქ მოსვლამ ბევრი დავიწყებული დეტალი გამახსენა.
 თქვენ წარმოიდგინეთ, გუშინ საღამოს ქვის მაგიდის გარშემო ვისხედით მე, ჩემი ძმა და ჩემი სამი ბიძაშვილი და ძველ დროს სიცილით ვიხსენებდით.  პატარა ბიძაშვილს ჩემი შესვლაც გაახსენდა ტყეში და მკითხა გახსოვსო? როგორი იყოო?
 ამაზე ჩემმა ძმამ თავი ჩაქინდრა.
 - მაგარი იდიოტი ვიყავი. აი მაგარი. და თქვენც მაგარი იდიოტები იყავით რომ მისმენდით - თქვა მან.
- აუ კი, იმენა შენი ცემა მინდება ეგ რომ მახსენდება. მაგრამ ახლა ისეთი ბუნჩულა ხარ. და ჩვენც ისეთი ბუნჩულები ვართ! რა საშინელი ბავშვები ვიყავით. ვაიმე! ახლა რომ მახსენდება!.. - თქვა შუათანამ გაოცებული სახით.
 - მე ძალიანაც მიხარია მაშინ იქ რომ გამაგზავნეს - ვთქვი მე ღიმილით და კაკაო მოვსვი.
 - რატომ?! - იკითხა ყველამ ერთხმად, ჩემი ძმის ჩათვლით.
 - იმიტომ, რომ ჯეკ მფატრავი ვნახე, ან კიდევ უარესი. და, ერთი სიტყვით, ეგ რომ არა, დარწმუნებული ვარ, საკმაოდ მოსაწყენი და ჩვეულებრივი როჟა გავიზრდებოდი. აი მაგალითად, როგორიც ჩემი ძმაა - თავით ვანიშნე ჩემს ძმაზე. მან ხელი გამკრა.
 - დებილი ხარ სერგი. აი სრული იდიოტი. იცი როგორ შემეშინდა მაშინ?
 - მე სულ არ შემეშინდა. წამოვწექი და ვისვენებდი. შენ კიდევ თავზე წამომადექი ტირილით "ხომ კარგად ხარ სერგიი?! ძამიკოო! ვავჰაჰაჰაჰაჰა!"
 ჩემი ძმა გაწითლდა. მე მხრები ავიჩეჩე და კიდევ ერთი ყლუპი მოვსვი.
არა რა... რაც არ უნდა თქვათ, სამაგიეროს გადახდა სასტიკად სასიამოვნოა.

იმ ნაჯახიან კაცს რაც შეეხება... აზრზე არ ვარ. არ მკითხოთ. მეც არ ვიცი. და არც მინდა ვიცოდე.

Sunday, August 11, 2013

deadend (სერგის ქრონიკები)

 დღეს ერთი უცნაურ რაღაც მივხვდი. თითქმის ყოველდღე დავდივარ ჩემს სახლთან მდებარე სუპერმარკეტში და ცივ ყავას ვყიდულობ. კაი ხო, ვიცი რომ ბევრ ყავას ვსვამ, მაგრამ რა ვქნა, ძალიან მინდება. მოკლედ, ყოველდღე ვყიდულობ ამ ცივ ყავას და დღეს, როდესაც საფულედან ფულს ვიღებდი, ვიღაცამ მითხრა "ალბათ ძალიან გიყვარს ხო ეს ყავა?". გაკვირვებულმა ავიხედე. გამყიდველ გოგოს უთქვამს. ვიცი, სიგიჟეა, მაგრამ პირველად ვხედავდი. ენა დამება და ბოლოს ძლივს ვუთხარი "ხო"-ს მაგვარი რაღაც და გავუღიმესავით.
 მაღაზიიდან გამოსულმა თავში ხელი შემოვირტყი. ყოველთვის ვამაყობდი იმით, რომ ყველაფერს ვაკვირდები და ყველა დეტალს ვიჭერ. როგორ მომივიდა, რომ ყოველდღე ვყიდულობ ყავას და გამყიდველი ვერ დავიმახსოვრე სახეზე? არც შემიხედავს, თორემ დავიმახსოვრებდი. მხოლოდ მისი გადღაბნილი სილუეტი მახსოვდა უკანა პლანზე, როდესაც ჩემს ყურდას და ყავას ვიღებდი დახლიდან. ის კი ყოველთვის მხედავდა და მარტო ცივ ყავას რომ ვყიდულობდი, ისიც კი ჰქოდა შემჩნეული. ეს ფიქრი ცოტა სევდიანი მომეჩვენა.
 ვიწრო ქუჩაზე ავუხვიე და საკმაოდ მიტოვებულ, ქვის კიბეებზე ჩამოვჯექი. ცოტა ხანი ვიფიქრე ამაზე და ისევ იმ დასკვნამდე მივედი, რომ ყველას ჩვენი სამყარო და ჩვენი რეალობა გვაქვს.
 ეს ე.წ. ობიექტური რეალობა ძალიან ზოგადი ცნებაა. ის თითქმის არ არსებობს. 
ეს სევდიანი ფაქტი იმან დააგვირგვინა, რომ გახსნისას ყავის ქილა ხელიდან გამისრიალდა და ტკაპან-წკაპანით დაგორდა დაღმართზე და ყავისფერი კვალი დატოვა. ნერვები ისე მომეშალა, კანკალი დავიწყე. ეს ხომ ჩემი ყოველდღიური რიტუალი იყო? ყავის დალევა სადმე მიტოვებულ ქუჩაზე ან პარკში... ეგებ იმ გამყიდველმა გოგომ დაარღვია ჩემი ჯადოსნური წრე, დამანახა რომ ჩემი რეალობა ტყული ყოფილა? დამანახა, რომ ათას რამეს ვერ ვხედავ და ვერასოდეს დავინახავ. ისეთ რაღაცებს, რაც პირდაპირ მე მეხება.
 ახლა უკვე შიშისგან ავკანკალდი. ის რეალობა რაც გარს მარტყია, დიდი ძალისხმევის შედეგად ავაგე. მე ჩემს სამყაროში ვცხოვრობ უკვე რამდენიმე წელია და არავის ვუშვებ შიგნით. არავის. ეს მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი. რა ვქნა, რომ ისევ ჩავჯდე ჩემს ჩვეულებრივ, ჯადოსნურ რუტინაში, რომელიც ერთადერთი ცხოვრების სტილია რომელიც მე ვიცი, მესმის და ვიღებ? 
 აღარ მივიდე სუპერმარკეტში, თუ ისევ ყოველდღე ვიარო და ვითომ არაფერი, ისევ გავაგრძელო გამყიდველის არშემჩნევა? მაგრამ ამჯერად ეს უკვე ძალით არშემჩნევა იქნება. ცივმა ოფლმა დამასხა. ნუთუ ჩემი ცხოვრება იცვლება? არა. ამის უფლებას არავის მივცემ. მითუმეტეს საკუთარ თავს. განგაში! სასწრაფოდ ვიწყებ ახალი დამცავი ბარიერების აგებას ჩემს გარშემო, რადგან, როგორც ჩანს, წინა დაძველდა და დაშლას იწყებს.
 ღრმად ვისუნთქავ. ვემზადები ჩემთვის ახალი, უფრო მრავალფეროვანი და ნამდვილი სამყაროს შესაქმნელად. გონებას ვძაბავ. მთავარია სრული კონცენტრაცია. ყველაფერი გამოვა.

Friday, August 9, 2013

floorgod (სერგის ქრონიკები)

მე ღმერთი ვარ. არ გჯერათ? პეჩენიას როცა ვაწობდი ჩაიში მაშინ მივხვდი. უცებ ჩემს ხელზე გამიშტერდა თვალი და დიდი ხანი, თვალისდაუხამხამებლად ვუყურებდი, სანამ თვალებში არ დამიბნელდა და მარტო ჩემს ხელს არ ვხედავდი შავ ფონზე. მე ღმერთი ვარ. რაც არ უნდა უცნაური მოგეჩვენოთ, ეს მე ჩემმა ხელმა მითხრა.
ყოველთვის ვგრძნობდი, რომ სამყაროს საიდუმლო ჩვენს გვერდზე იყო, თვალის კუთხეში ვხედავდი, მაგრამ როგორც კი თავს ვაბრუნებდი, ქრებოდა.
 მე შევქმენი ჩემი თავი. ყველგან ღმერთი ვარ. ნებისმიერ ადამიანს შემიძლია ის ვაფიქრებინო რაც მინდა. მაგალითად იმ ადამიანს, რომელიც ახლა ქუჩაზე გადადის.
 მე მინდა მან იფიქროს, რომ ცხოვრება მშვენიერია. აი აწია თავი და გაბრწყინებული თვალებით მიმოიხედა.
 ახლა კი მინდა, რომ მოიწყინოს და ცხოვრება შეძულდეს. აი, ცოტა დაიძაბა, შუბლი შეიჭმუხნა და უფრო მძიმედ, გაბრაზებით ადგამს ნაბიჯებს.
 ეს ყველაფერი ჩემს თავში ხდება, ჩემს რეალობაში. მაგრამ ვინ თქვა, რომ ეს სიმართლე არ არის? შეიძლება ის ამ მომენტში არაფერზე არ ფიქრობს, მაგრამ ამას ჩემთან არაფერი არ ესაქმება. მთავარია ჩემს სამყაროში მე როგორ აღვიქვამ მას. ჩვენ ყველანი ჩვენს რეალობაში ვცხოვრობთ და ეს არის ჩვენი სიმართლე. მე ჩემს სამყაროში ღმერთი ვარ და ყველაფერი ისე ხდება, როგორც მე მინდა.
 ასეთ თემებზე ფიქრი თავს მატკიებს, მაგრამ საჭიროა, რომ განვითარდე. სკამიდან ჩამოვცურდი და იატაკზე დავწექი გვერდულად. ფანჯარაც ღიაა და აივნის კარიც. ორპირია, საკმაოდ ცივა. ჰმმ... რატომ ცივა, მე ხომ ღმერთი ვარ? ალბათ ასე მინდოდა და მაგიტომ. აჰა, მშვენიერი ახსნა ვიპოვე. მე ქვეცნობიერად მინდა რომ ციოდეს და...
კარებზე კაკუნია და დედაჩემი შემოდის რაფაელოს ყუთით ხელში. აი ეს მესმის. ვნთქავ რაფაელოს და უცებ ენაზე ვიკბინე. fuck fuck fuck this shitshithsithiethshit!!!!!!!!! რატომ არსებობს ასეთი ტკივილი? ეს უბრალოდ არაადამიანობაა. საშინელებაა.
 ხოდა რას ვამბობდი?.. იმას რომ ღმერთი ვარ. ჩვენ ყველანი ღმერთები ვართ ჩვენს სამყაროებში. ამაზე ფიქრში ჩამეძინა.
გაღვიძება საკმაოდ მტკივნეული იყო. მუცელზე გადმოვბრუნდი და ძლივს ავეხეტე იატაკიდან. დამესიზმრა, რომ ღრუბელზე ვიჯექი და ელვებს ვისროდი იქიდან. ალბათ ჩემი ქვეცნობიერის აზრით ეგ არის ღმერთად ყოდნა. მაგრამ არა მეთქი, ღმერთად ყოფნაა, მაგალითად, ჩემი ცხოვრება. ვსეირნობ ხოლმე, უფრო ხშირად მარტო. ერთი შეხედვით, უინტერესოდ ვათვალიერებ ყველაფერს, ვყიდულობ ყავას წასაღებ ჭიქაში და მარტო ვჯდები პარკში, ვსვამ და ვამთქნარებ. ჩემი შემხედვარე, ვინ იფიქრებს რომ ამ წამს ჩაუარა მთქანრებით დაკავებულ ღმერთს? ვერავინ. აი ამაშია მუღამი.
ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ, თქვენც შეგიძლიათ იყოთ ღმერთი. მთავარია დაიჯეროთ, რომ ხართ. ცხოვრება ასჯერ, ათასჯერ უფრო საინტერესო გახდება. ცადეთ.
მანამდე ბოლო რაფაელოს დავამთავრებ.

Thursday, August 8, 2013

evilfuture (სერგის ქრონიკები)

"თითქმის სავსე მთვარეს შევყურებ და ისიც შემომყურებს. მე, ჩემს საყვარელ ადგილას, ჩემი ოთახის ფანჯრის რაფაზე ვზივარ და სამყაროს გავყურებ მოჭუტული თვალებით. რა მოხდებოდა ერთი წამით გვიან რომ დავმჯდარიყავი? ან ერთი წამით ადრე? ალბათ არაფერი, მაგრამ მაინც კარგია ასეთ ფილოსოფიურ რაღაცებზე ფიქრი. ტვინს ავარჯიშებსო გამიგია.
წარმოსახვითი ცრემლი მიგორდება ლოყაზე და მე მე აღარ ვარ. ნეტა რა მოხდება, ახლა რომ უბრალოდ გავშალო ფრთები და გავფრინდე?.. ალბათ უბრალოდ ასფალტზე დავენარცხები და ვეღარც ამაფხეკენ. მაგრამ მაინც კარგია, როცა წარმოიდგენ რომ ტვინის გასხმის მაგივრად რამე სხვა, რამე ჯადოსნური მოხდება. რამე სხვა. რამე სხვა..."
 ჰმ, მგონი მშვენიერი დასაწყისია ჩემი ახალი მოთხრობისთვის. მიხარია, ხტუნვა-ხტუნვით მივდივარ პეჩენიების შეკვრისკენ და კიდევ ერთ ცალს ვიღებ. ალბათ მწერალი გამოვალ. ალბათ კი არა გამოვალ. რა სჯობს სახლში გდებას და ჯღაპნას? არაფერი.
 სავარაუდოდ, სადმე ქალაქისგან მოშორებით, რამე პატარა სახლს ავაშენებ, სულ მარტო ვიცხოვრებ გამოყრუებული და დავწერ და დავწერ ყველაფერზე. თუ ამით ფული არ შემომივა, მაშინ თქვენ არ იდარდოთ, სხვა გეგმებიც მაქვს ჩემს მომავალთან დაკავშირებით. მაგრამ ყველაზე ძალიან ეს სცენარი მინდა რომ განვითარდეს. მე, ბუხარი, ლეპტოპი მუცელზე და არაფერი და არავინ. არასოდეს! არაჩვეულებრივია. ამის წარმოდგენაზე, ისევე როგორც ჩემი მოთხრობის მთავარ გმირს, მეც წარმოსახვითი ცრემლი ჩამომიგორდა ლოყაზე და ოცნებებში წავედი.
 რაღაც ჭახანმა გამიფანტა ოცნებები. "ჰმ, რისი ხმაა?" გავიფიქრე მოჭუტული თვალებით და აივანთან მივიპარე, ვინაიდან, ჩემს სმენას თუ დავუჯერებთ, იქიდან მოისმა ის ავბედითი ჭახანი. საერთოდ ძალიან არ მიყვარს ჭახანის ხმა. პრობლემა არ მაქვს ჯახანთან, ტყლაპანთან, ჯახჯახთან, დგაფანთან, მაგრამ აი ჭახანი კი რა ვქნა და არ მევასება.
მოკლედ, მივიპარე მეთქი აივნის კართან და ფრთხილად გამოვაღე, ვინაიდან ცხოვრებამ მასწავლა რომ ყოველთვის ფრთხილად უნდა იყო, მიტუმეტეს თუ იმ საღამოს ბოროტი ორეულები დაძრწიან გარეთ.
 მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, მივიპარე მეთქი აივნის კართან და გამოვაღე. და ვაგლახ!.. არაფერი. რატომ მიკეთებს ამას? ხომ იცით, როცა რაღაც არაჩვეულებრივის ნახვის ხოდზე მოვდივარ, მერე მიჭირს უკან გადართვა და დამშვიდება. damn you all!!!
 მაგრამ თავი ხელში ამყავს, ვუღიმი სიცარიელეს და თვალს ვუკრავ. "ვიცი რომ მანდ ხარ. უბრალოდ უჩინარი ხარ."
ხანდახან ჩემი ეშმაკობა მეთვითონ მაოცებს ხოლმე და საკუთარ თავს ტაშს ვუკრავ, ვტრიალდები ქუსლებზე და ვტოვებ სცენას.
 მგონი ახლა რაც მოვყევი, ის აუცილებლად უნდა ჩავსვა ჩემს მოთხრობაში. რას იტყვით? თუ არ არის საკმარისად რომანტიკული და მისტიკური? არაუშავს, ზოგ ადგილს შევალამაზებ.
 თქვენ კი გემშვიდობებით, თავს მოუარეთ და ფრთხილად იყავით. ვინაიდან, როგორც გითხარით, გარეთ ბოროტი ორეულები დაეხეტებიან. ამიტომ სახლში დაეგდეთ, სვით ჩაი და დააყოლეთ შოკოლადის პეჩენიები.

Wednesday, August 7, 2013

cosmicdude (სერგის ქრონიკები)

თუ გამიმართლა, ჩაძინების წინ ერთი ძალზედ უცნაური რაღაც მემართება ხოლმე. არ ვიცი რას დავაბრალო. იმას, რომ ვერ ვარ თუ იმას რომ სწორედაც რომ ძალიანაც ვარ. უფრო ვარ ვიდრე ყველა ის რობოტი, რომელთა შორისაც მიწევს არსებობა, მე სამგზის საწყალობელ არსებას. ხანდახან ძალიან მეცოდება ხოლმე ჩემი თავი. ფანჯრის რაფაზე ვჯდები, სევდიანი სახით გავყურებ მოჟამულ ქუჩებს და ჩაის შევექცევი. შეიძლება პეჩენიებიც დავაყოლო ხოლმე, თუ სევდამ მადა მთლიანად არ დამიკარგა. ამ მომენტებში ვფიქრობ ცხოვრების ამაოებაზე. მაგრამ ეს ძალიან იშვიათად ხდება, ამიტომ არ ღირს ამაზე ყურადღების შეჩერება.
ზოგადად ძალიანაც მხიარული მასტი ვარ. ნუ უფრო სარკასტული, მაგრამ ჩემი სარკაზმი სასტიკად მართობს. ამიტომ მხიარული ვარ. ყველას ჩემნაირი შინაგანი სამყარო რომ ჰქონდეს, მსოფლიო იდეალური იქნებოდა. მაგრამ არ მისმენენ. ეგებ თქვენ მაინც მომისმინოთ?..
 მოკლედ, როგორც გითხარით, ძილის წინ საოცრებები მემართება. პირველად ეს უცნაურობები 14 წლის ასაკში დამეწყო. იმ ღამეს ტელევიზორში "ფავნის ლაბირინთი" გადიოდა და მე, მამაჩემი და ჩემი ძმა ვუყურებდით. გვიან დამთავრდა. მე მთქნარებ-მთქნარებით მივბანცალდი საწოლთან და გაუხდელად დავეხეთქე. ჩაძინებამდე არაფერი მაკლდა, რომ უცებ, თითქოს რაღაც სხვა განზომილებიდან, ყინულივით ცივმა სიომ დაუბერა და ჩემს მარჯვენა ყურამდე ვიღაცის ჩურჩული მოიტანა - "ტკბილი ძილი." 
 ყველა ნორმალური ადამიანი ღრიალით წამოვარდებოდა, ან ყურს გამოიფხეკდა, ან სულაც გადატრიალდებოდა და დაიძინებდა. მაგრამ მე, მაშინაც კი, ასე თუ ისე ორიგინალურ პირად ვთვლიდი თავს. ამიტომ გული გავიმაგრე, ყელი ჩავიწმინდე და ვუპასუხე "შენც ასევე, საყვარელო". არ ვიცი რატომ, მაგრამ ძალიან გაუსწორდა ჩემი პასუხი. ამიტომ ჩემთან ლაპარაკი გააგრძელა. იმისდა მიუხედავად, რომ საშინლად მეძინებოდა, სულაც არ ვიყავი მასთან საუბრის წინააღმდეგი. პირიქით, ეგებ მეორე შანსი არც მქონოდა, რომ პარალელური სამყაროდან დამკავშირებოდნენ! 
- საიდან მიკავშირდები?
- მარსიდან. 
- ვა, მარსზე სიცოცხლეა?
- შენს დროში არა, მაგრამ მე მომავლიდან გიკავშირდები. 
- ვა, ძალიან მისწორდება, რომ მე ამომარჩიე. მადლობა dude!
- ნუ სხვებთანაც ვცადე, მაგრამ არაფერი გამოვიდა. უმეტესობამ არ დაიჯერა საკუთარი ყურების და დაიძინა. შენ განსაკუთრებული ბიჭი ხარ, შენ არ გაქვს ყურები დახშული და თვალები ფართოდ დახუჭული.
- ვა, ნანახი გაქვს კუბრიკის "ფართოდ დახუჭული თვალები?" - ვკითხე მე სწრაფად.
- ჰმ. არა. ვუყურო?
- კი! აუცილებლად! აი ძალიან მაგრად გაგისწორდება. თუმცა... მანდ გაქვთ ტელევიზორი? ან რავიცი... ინტერნეტი...
- კი რაღაც მაგდაგვარი გვაქვს. ჰმ, წესით როგორღაც უნდა ვიპოვო ეგ ფილმი. კუბრიკიო თქვი, ხომ?
- კი, კი. აუცილებლად ნახე. 
- კარგი, აბა შენ იცი. ხომ შეიძლება სხვა დროსაც დაგელაპარაკო? 
- რა თქმა უნდა - ვუპასუხე სწრაფად. 
ამით დამთავრდა ჩვენი საუბარი. მე მას ქოსმიქდუდს ან უბრალოდ დუდს ვეძახი. ხანდახან, ათასში ერთხელ კიდევ მიკავშირდება ხოლმე. ამაზე არც ვდარდობ, რადგან მან თავისი საქმე უკვე გააკეთა. გამომყო ყველა ნაძირალა რობოტისგან, რომელიც გარს მარტყია. ახლა ცოლ-შვილი ყავს და ვეღარ იცლის, რომ დიდხანს მელაპარაკოს.
 არ გჯერათ? გეცინებათ? საფეთქელთან თითს იტრიალებთ? "დაფაქ დიდ აი ჯასთ რიდ?!" სახით სხედხართ? მოდი ასეთი ექსპერიმენტი ჩავატაროთ. ჩაძინების წინ სამჯერ გაიმეორეთ "დედამიწა-მარსს", შემდეგ ღრმად ჩაისუნთქეთ და გაუჩერებლად თქვით "ასლდკფჯგჰუბრგტჰრგტჰჰ" და აუცილებლად მოვლენ. <3
საგიჟეთიდან.
და წაგიყვანენ.
ჰაჰაჰაჰა.

redbluepill

მმნაჰ შოკოლადი.

გუშინ გადავწყვიტე ლეპტოპი გვერდზე გადამედო და გარეთ გავსულიყავი. დიდი ხანი იყო, რაც გარეთ არ ვყოფილვარ და ცოტა მეშინოდა. ეგებ სამყარო ძალიან სწრაფად განვითარდა და აღმოვჩნდებოდი მფრინავი ნაძირალა რობოტებით გარშემორტყმული? ან ეგებ აპოკალიფსი იყო და მადაფაქინ რადიაცია მომიღება ბოლოს? ან ეგებ ისევ იგივე იყო?!! ო ღმერთო აი ეს ბოლო კი ყველაზე უარესი იქნებოდა... და გამართლდა ჩემი შიშები! თბილისი თითქმის ისევ იგივე იყო. თითქმის.
 იმედია გიჟად არ შემრაცხავთ თუ გეტყვით, რომ სრული ერთი კვირა იყო რაც გარეთ ცხვირი არ მქონდა გაყოფილი. მობილური, რა თქმა უნდა, როგორც ყოველი არდადეგების დროს, გამორთული მქონდა და ჩაბნელებულ ოთახში ლეპტოპს მივჩერებოდი მანიაკის ღიმილით და ჩალურჯებული თვალებით. ფარდას არ ვწევდი ამიტომ დღე იყო თუ ღამე, ამას მხოლოდ დედაჩემისგან ვიგებდი, რომელიც ანერვიულებული შემომივარდებოდა, ფარდებს გადაწევდა და თითქმის კიოდა რომ ოთახიდან გამოვსულიყავი და რამე მეჭამა.ეს რომ არ ჭრიდა, თვითონ მოქონდა თეფშით საჭმელი და მაგიდაზე მიხეთქებდა. მეც მიყვარხარ დედა.
 ისე, ჩემს ოთახში უშუქობა მხოლოდ იმის ბრალი კი არ იყო, რომ სიბნელისკენ მაქვს მიდრეკილება, უბრალოდ, ერთ მშვენიერ დღეს რაღაც გამიხარდა (ახლა აღარ მახსოვს რა), ხელების ქნევა და ხტუნაობა დავიწყე და ბევრი რომ არ გავაგრძელო, ნათურა ჩამოვამსხვრიე და შემდეგ უკვე ისე დამევასა სიბნელეში ცხოვრება, გამოცვლაზე არც მიფიქრია.
 მოკლედ, იმას გიყვებოდით, რომ გუშინ ძალები მოვიკრიბე, ლეპტოპს shut down–ი მივეცი (რომელსაც დიდი ხნის წინ იმსახურებდა :( ბოდიში ძმა), და აივანზე გავედი. 
თვალები ისე ამეწვა, რომ ასეთი საშინელი წვა მხოლოდ მაშინ მახსოვს, როდესაც სკარმა მუფასა გადააგდო კლდიდან და მერე სიმბა... კარგი არ გვინდა, ახლაც მეწვის თვალები რომ ვიხსენებ.
მოკლედ, დავბრმავდი, სუფთა ჰაერმა ფილტვები გამიხეთქა, მხრებში გამართვამ თავბრუ დამახვია და ასე ბოლომოღებული შემოვბარბაცდი ოთახში. პირველ რიგში წვერი გავიპარსე და დავიბანე და შემდეგ ზალაში ჩავედი და კარადიდან ნათურა ავიღე და ამ დროს ოთახში ჩემი ძმა შემოვიდა, ჩემს დანახვაზე  ადგილზე გაშეშდა და ყალბი სიხარულით მომმვარდა. 
– ვაიმეე ეს ვისა ვხედავ?! შენ ცოცხალი ხარ ბიჭოო?!. 
– ჰა ჰა ჰა....
ჩემი ხუმარა ძმისგან როცა გავთავისუფლდი, ოთახში ნათურა დავაყენე, ჩავიცვი და... ბადამ ტსს... გარეთ გავედი. ყველაფერი ისეთი არარეალური მეჩვენებოდა, რომ ყოველ წამს ველოდი რომელიმე კუთხიდან აგენტი სმიტის გამოსვლას და ჩემთვის პისტოლეტის მოშვერას. მაგრამ არა. თბილისში ისევ ისეთივე მადაფაქინ ბორინგ შითი ხდებოდა, როგორც ყოველთვის. თვალებს ძლივს ვახელდი, მზეს კიდევ ვერ შევჩვეოდი წესიერად. დავდიოდი და უცებ ისე ცუდად ვიგრძენი თავი, რომ ცოტაც და პირდაპირ, შუა ქუჩაში ამერეოდა გული. საზიზღრობაა, გეთანხმებით. მაგრამ თქვენთან გულწრფელი ვარ. <3
 ხოდა გადავწყვიტე, რომ ჭავჭავაძეს გამოვმშვიდობებოდი და ამეხვია მრგვალი ბაღისკენ.სადაც ლუკა პოლარე მეგულებოდა ერთ დროს. გამიხარდა როცა აღმოვაჩინე, რომ ისევ იქ იყო და არა სადმე ახლო–მახლო ან თუნდაც შორს... რადგან ისე ცუდად  ვიყავი, ვეღარ მივაღწევდი. აუჩ!.. ხოდა შევედი, ყავის ნაყინი ავიღე, სავარძელზე მივწექისავით და ნელა დავიწყე ჭამა. გულისრევამ გამიარა და თავში აზრი მომივიდა, რომ ცხოვრება მშვენიერია, როცა ჭამ ნაყინს საყვარელ კაფეში, საკაფოდ წევხარ და უყურებ ჭერს... და არა ადამიანებს
 როგორც კი ჭერს თვალი მოვწყვიტე  და ჩემი მზერა კლიენტებს მივანათე, იმწამსვე ჩამოვვარდი ამაღლებული განწყობიდან. "ჰმ შეხედე ამ უაზრო სახეებს ჩემო თავო." ვფიქრობდი მე, თავს სიმწრით ვიქნევდი და თან ნაყინს შევექცეოდი. კარგი, შეიძლება ცოტა ვაჭარბებ, არც ასეთი მიზანთროპი ვარ. მაგრამ რა დაგიმალოთ, და არ მიყვარს ხალხში ყოფნა. რადგან უბრალოდ ნერვებს მიშლიან და რა ვქნა. მე ჩემს ნერვებს ვუფრთხილდები, რადგან როგორც ვიცით ნერვული უჯრედები აღარ აღდგება და უყარე მერე კაკალი.
ნახვამდის მოკვდავნო.

deathcar (სერგის ქრონიკები)

რა ხდება, როდესაც ხდები 18 წლის? არაფერი, უბრალოდ ხდები 18 წლის. მაგრამ ეს ასე არ იყო ჩემს შემთხვევაში. ჩემი მძიმე  შემთხვევა იყო. ძაალიან მძიმე. ტორტის დიდი ნაჭერი ავიტანე სხვენში და თან ვტიროდი და თან ვჭამდი. შემიძლია ვთქვა, რომ ეს ჩემი ყველაზე უცნაური მოგონებაა.
 ვინმე იკითხავს–და რატომ? რატომ ტიროდი? ფეხის თითი მიარტყი მაგიდის კუთხეს?.. არა?.. მაშინ, ალბათ შეყვარებული დაგშორდა ზუსტად შენი დაბადების დღის წინ?(როგორც იციან ხოლმე მაგ ნაძირლებმა)... არა?! მაშინ რა? მეტი რა უნდა მოხდეს რომ იტირო?..
პასუხი თან ძალიან მარტივია და თან ძალიან ძალიან უცნაური. ქალბატონებო და ბატონებო, მოემზადეთ, საქმე ისაა, რომ, ბა დამ ტსსს – მე არ მინდოდა გაზრდა.
დიახ, ესაა ჩემი პასუხი. არა, არ ვხუმრობ. დიახ, დიახ... აჰა... მჰმ. ფსიქოლოგს? არა. დედაჩემი კი აპირებდა, მაგრამ ბოლოს დავარწმუნე რომ ვხუმრობდი. ხომ ხვდებით, არ მინდოდა რომ ძალიან ენერვიულა.
მაგრამ არ ვხუმრობდი. ისე სასტიკად არ მინდოდა სრულწლოვანი გავმხდარიყავი რომ ვიტირე. მე, რომელიც არაფერზე არ ტირის. ჩემი აზრით ეს ძალიან სიმბოლურია. ხომ ხვდებით, არაფერზე არ ვტიროდი და უცებ 18 წლის, სრულწლოვანი რომ გავხდი, მაშინ ავქვითინდი. შოკოლადის ტორტი ძალიან გემრიელი იყო ისე. ძალიან კარგად მიდიოდა მარილიან ცრემლებთან.
კარგი დავიკიდოთ ჩემი მარილიანი ცრემლები და გადავიდეთ იმაზე, რომ გაზრდა არ მინდოდა. წარსულ ფორმას იმიტომ ვიყენებ რომ... მოკლედ ნახავთ ქვემოთ რატომაც.
 არ მინდოდა გაზრდა და დაბადებისდღის წინა დღეებში გულმოკლული დავიარებოდი ქვეყანასა ზედა. აღარც მეგობრებთან ყოფნის სურვილი მქონდა და არც ფილმების ყურების, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალიან ცუდად ვიყავი. ; (
 მაგ დროს სერიოზულად დავიწყე ხატვა. იმისდა მიუხედავად, რომ საშინლად ვხატავ, მაინც მისწორდებოდა და მარტოობის დღეებს მიმოკლებდა. კარგი, შეიძლება ცოტა ვაჭარბებ, მაგრამ მაინც, დამიჯერეთ, ძალიან ცუდად ვიყავი.
ეს ერთ მეგობარს რომ გავუმხილე, ზიზღნარევი სახით შემომხედა და მითხრა "შენ ხომ არ გამო***ვდი?!" შემდეგ გვერდზე გაიხედა და ხმადაბლა ჩაილაპარაკა "აუ ეს სულ გამო***ვდა".
 ბოდიშს გიხდით უცენზურო სიტყვისთვის, რომელიც მართალია დავფარე, მაგრამ თქვენს თავში მაინც გაიჟღერა და მაგისთვის ვიხდი ბოდიშს, მაგრამ რა ვქნა, მაგრად გამეცინა და ვიფიქრე რომ თქვენც... კარგი, გავაგრძელოთ ჩემი და, გიოს (სახელი შეცვლილია) დიალოგი.  
"ამხელა კაცი ხარ, რა გაზრდა გეზარება?! თვალები გაახილე, გამოდი მაგ გამოგონილი ძეცკი სადიდან და მიმოიხედე. ცხოვრება მშვენიერია, როცა უფროსი ხარ ძმაო და ყველაფერი შეგიძლია. სამყარო შენია ძმა!".
 აქ დავამატებ, რომ გიო ცნობილია თავისი ფილოსოფიით და ცხოვრებაზე დაკვირვებულობით, მაგრამ მე მისმა ნათქვამმა ვერ დამაკმაყოფილა. უბრალოდ უფრო დავიგრუზე და ავუხსენი, რომ წიგნები და ფილმები იყო ჩემი სამყარო და მზად არ ვიყავი ჩემს თავზე რაღაც პასუხისმგებლობები ამეღო.
 გიომ ნიკაპი მოიფხანა, უცებ თავზე ნათურა აენთო და ეშმაკური მზერით შემომხედა.
–და ვინ ამბობს, რომ 18 წლის რომ ხდები, აუცილებლად უნდა აიღო შენს თავზე პასუხისმგებლობები?! დაიკიდე! როდესაც მზად იქნები მერე აიღე. მანამდე ისევ მანდ იცხოვრე სადაც ხარ.
 ამ ნათქვამმა აზრზე მომიყვანა. მართალია! სადამდეც მინდა, იქამდე ვიცხოვრებ ამ სამყაროებში და ეს არავის საქმე არაა. ვინ დააწესა, რომ 18 წლის აუცილებლად უნდა ჩამოყალიბდე მადაფაქინ უფროსად და კაი ქართველ ვაჟკაცად (ეუჰჰჰ თქვენ გენაცვალეთ ) ? არავინ.
:ინფანტილებივრულავთ:
 MOVIES
 COME
 TO
 DADDY .