Thursday, March 3, 2016

nope

ცოტა უცნაური ამბები ხდება
როდესაც ვფიქრობ როგორ ვიცხოვრო
თითები ყინულით ნაქარგი ხდება
და ყველა ბოდავს უცნაურ ხმებში

და მე ვაწყდები კედლებზე სიტყვებს
სიტყვებს რომლებიც აზრებს ვერ იტევს
ან მე ვერ მესმის კარგად, ან, მოკლედ,
არ ვიცი რატომ აღარ განვიცდი.

და მე ნელ-ნელა ვივიწყებ სითბოს
და მე ნელ-ნელა ვიღვიძებ, თითქოს
და ვიღაც სადღაც არ დამიჯერებს
და ვიღაც სადღაც მუდამ თამაშობს.

რადგან არავინ იცის მეორე
რადგან არავის უნდა გაიგოს
და როცა ყველა ცალკე დავდნებით
მაშინ იტირებს ჩვენთვის სამყარო.

და მე მინდა რომ მქონდეს გული
რომელიც დაიტევს ყველას
მაგრამ ეს შეუძლებელი წამი
არასდროს არასდროს ღელავს.

ყველაფერს ყოველთვის ბნელში ვჩქმალავდი
რადგან არ მინდა ჩემზე იცოდნენ
და ეს გზა მინათებს დაგრეხილ ისრებს
ძალიან თეთრი მარტოობისკენ.

მეგობარს გუშინ უნდოდა შველა
და მე გავრბოდი როგორც შემეძლო
ბოლოს აღმოჩნდა რომ მეგობრისგან
გადარჩა მხოლოდ ფერფლი და ფენა.

და მე დავკარგე დროში მიზანი
და მე დავკარგე ჩემი ღირსება
და ყველას ძალიან უნდა სიცილი
მაგრამ ჩვენი ხმა იმწამსვე ქრება.

და ეს "მე" უკვე აღარ განიცდის
და ეს "მე" უკვე აღარ გავს ყველას
და ალბათ "მე" სადღაც იქით გამირბის
რადგან აქ მუდამ სიბნელე ელავს.


No comments:

Post a Comment

Note: Only a member of this blog may post a comment.