"შენი თავი უკვე დიდი ხანია ამოწურე. თუ შეიძლება, მოშორდი სცენას." ეს წერილი ვიპოვე დილით ზურგჩანთაში. არ ვიცი ვინ დაწერა და რატომ. არც ის ვიცი როგორ ჩამიდეს შიდა ჯიბეში ისე, რომ ვერაფერი ვიგრძენი. მაგრამ ის მაინც ვიცი, რომ ვიღაც იდიოტი იყო. ნერვები მომეშალა და იმ დღეს თითქმის ვერ ვხედავდი ჯადოსნურ სამყაროს. მხოლოდ პატარა ფერად წერტილებს, რომლებიც ერთმანეთში ქაოტურად ირეოდნენ. მხოლოდ ისინი დამყვებოდნენ ყველგან და ჩემს გამხნევებას ცდილობდნენ.
როგორ მიხვდა ის ვიღაც, რომ სწორედ ეს ამბავი მაწუხებს უკვე დიდი დიდი ხანია. ანუ ერთი თვეა? არ ვიცი...
საკუთარი თავის ამოწურვის თემა თავზარს მცემს. თითქოს შეუძლებელია, რომ შენი თავი ამოწურო. მაგრამ ძალიან ცდებით. თითქოს მივაღწიე ჩემს იდეალურ მეს და რაც არ უნდა მოხდეს, ამაზე "მაგარი" ვეღარ ვიქნები. რაც არ უნდა მოხდეს, იმაზე უფრო შორს აღარ გამიშვებს სამყარო, ვიდრე ვარ. რადგან უკვე ძალიან შორს ვარ გასული. იმაზე შორს ვიდრე ჩემი ნებისმიერი ნაცნობი. მე უფლება მომცეს იქ შევსულიყავი, სადაც დიდი ხანია არავინ ყოფილა. ყოველ შემთხვევაში, ჩემი ასაკის. დილით არაჩვეულებრივ, თავბრუდამხვევ რეალობაში ვცხოვრობ, მაგრამ რაც ღამე ხდება, იმას ვერც კი შევადარებ დილის ამბებს,
ღამე ვიძინებ და სიზმრებში მეფე ვარ. ისე შორს წავედი. იმდენი ადგილი მოვიარე, რომ რამდენჯერმე კინაღამ სამუდამოდ იქ დავრჩი, რადგან უკვე აღარც კი მახსოვდა ვინ ვიყავი სინამდვილეში. ჩემი დედამიწისეული ცხოვრება დიდი ხნის წინ ნანახ და გადღაბნილ სიზმრად მახსოვდა. არც კი ვიცი რამ დამაბრუნდა უკან, მაგრამ მას შემდეგ ეს რეალობაც კი, რომელიც ადრე ძალიან მოსაწყენი მეჩვენებოდა, ოქროსფერი გახდა და ყოველი დღე დიდი თავგადასავალია.
მწყინს, როცა ვხედავ, რომ ჩემი ტოლი ახალგაზრდა საშინლად ატარებს თავის ცხოვრებას. ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებული სიმწვავით დგას ეს პრობლემა. თითქოს ამბიციებიც არ აქვთ. უფროსი თაობის მოთხოვნებს ბრმად მისდევენ და ჰგონიათ, რომ თავის სურვილებს ისრულებენ.
ჩემი აზრით ტრაგედიაა, როცა ხედავ, რომ ახალგაზრდების უმეტესობის ცხოვრება ერთმანეთს ისე გავს, რომ შეგიძლია ერთ ადამიანში გააერთიანო და პრობლემა არ იქნება.
ჩემი აზრით ტრაგედიაა, რომ ბევრი გოგოს ცხოვრების მიზანი გათხოვებაა. ისიც ტრაგედიაა, რომ ბევრ ბიჭს ინტერესები თითქმის არ გააჩნია და უაზროდ დახეტიალობს ამ ქვეყანაზე, იმ იმედით, რომ ვიღაც სამსახურს გაუჩითავს და ბევრი ფული ექნება.
ინდივიდუალურობის პრობლემაა.
მაგრამ, სამწუხაროდ, მე ეს დიდად არ მადარდებს. რადგან ეგოისტურად ვტკბები ჩემი ბედნიერებით და ჯადოსნური სამყაროთი.
უბრალოდ მწყინს, რომ ბევრი ისეთი ადამიანი არ არსებობს, ვისთანაც გავიზიარებდი ამას.
აი ეს მწყინს.
უი, ახლა გამახსენდა. ის წერილი მეთვითონ ჩავდე ჩემს ჩანთაში. ახლა ვეღარ ვიხსენებ რატომ, მაგრამ ალბათ კარგი მიზეზი მქონდა.
No comments:
Post a Comment
Note: Only a member of this blog may post a comment.