Tuesday, April 1, 2014

whowereyou (სერგის ქრონიკები)

ჩემს სახელს რომ მეძახიან, ყოველთვის მინდება, რომ მიწა გაიხსნას და შიგნით ჩავხტე, რადგან, რატომღაც საშინლად არ მსიამოვნებს. მშვენიერი, ჩვეულებრივი სახელი მქვია, მაგრამ რომ მიძახიან უცნაური შიში მეუფლება ხოლმე. არ ვიცი რას დავაბრალო. მეშინია, რომ რამე ცუდს მეტყვიან? ამ ასოების სიხშირე ცუდად მოქმედებს ჩემს ქვეცნობიერზე? წინა ცხოვრებაში ამ სახელის პატრონმა მომკლა? არამგონია. ეს ხომ აბსურდია!..
 როგორც ყოველთვის, მიყრუებულ, მაგრამ ლამაზ ქუჩებში მივსეირნობდი, როცა ჩემი სახელი შემომესმა. ყელში რაღაც ბურთივით მომებჯინა, ხელები გამეყინა და ბოლოს ერთიანად შემაჟრჟოლა. მობრუნება არ მინდოდა, ამიტომ სიარული გავაგრძელე, ვითომ ვერ გავიგე ან, ეგებ, სულაც სხვა სერგის ეძახდნენ და არა მე?? მართალია, იქ ჩემ გარდა არავინ იყო, მაგრამ მაინც.
როცა მეორეჯერ და მესამეჯერ დამიძახეს, სხვა გზა არ იყო, უნდა მოვბრუნებულიყავი. ვოცნებობდი, რომ ვინმე ძველი კლასელი არ ყოფილიყო, რადგან, არც ერთის ნახვის სურვილი არ მქონდა და ვერც გამამტყუნებთ, სული იდიოტები მეჯდნენ კლასში. გულწრფელად გეუბნებით. არ გატყუებთ.
მოკლედ, მოვტრიალდი და თქვენ წარმოიდგინეთ, ვიღაც უცნობი ბიჭი იყო. დიდად ჯანმრთელად ვერ გამოიყურებოდა. ჩემზე დაბალი იყო, ძალიან გამხდარი, თვალები ჩამოღამებული ჰქონდა. სახეზე ფერი არ ედო. რაღაც, უბედურ ვამპირს წააგავდა, რომელსაც სისხლი დიდი ხანია არ დაულევია.
 გაკვირვებული მივაჩერდი. მიხვდა, რომ ვერ ვიცანი და გამიცინა. კბილებიც ვამპირივით ჰქონდა.
 - ჰეი სერგი! ვერ მიცანი?.. თედო ვარ! - რატომღაც ყვიროდა.
მაინც აზრზე ვერ მოვედი ვინ იყო.
 - ბაღში გვერდიგვერდ ვიჯექით. რას შვები, ეე?!
ბაღელი გაეძრო? წარმოუდგენელია... ვაბშე დავდიოდი ბაღში? არც კი მახსოვდა. ამან კი სახეზეც მიცნო და ჩემი სახელის ახსოვდა.
 - საღოლ, როგორ მიცანი? - ვკითხე გაოგნებულმა.
- აუ რავი... კარგად ვიმახსოვრებ ადამიანებს და მერე რომც 40 წელი გავიდეს, ვცნობ ხოლმე... როგორ აგიხსნა?.. - სევდიანად ლაპარაკობდა. მაგარი უცნაური ტიპი იყო, ამიტომ საუბარი გავუგრძელე.
 - ვა, ანუ გვერდიგვერდ ვიჯექით? შეიძლება სიგიჟედ მოგეჩვენოს, მაგრამ ისიც კი არ მახსოვს, რომ ბაღში დავდიოდი. - ვუთხარი სიცილით.
 - მართლა?! ვაა. რა უცნაური ხარ. მამენტ მაშინაც მაგარი სტრანნი როჟა იყავი. გახსოვს, რომ მიყვებოდი, ღამე უცხოპლანეტელები მელაპარაკებიანო?.. თუმცა რა გეხსომება. ვაბშე ბაღი არ გახსოვს და...
- მაგას გიყვებოდი? ახლო მეგობრები ვიყავით?
 - კი, ძალიან! ყველაფერს მიყვებოდი ვაბშე. იმენა მაგრად მართობდი. მეგონა მწერალი გამოხვიდოდი ან რამე მაგდაგვარი. შენნაირი ფანტაზია ძმაო... აი საღოლ!..
 - მართალი რომ გითხრა, ვაპირებ მწერლობას. მაგრამ ჯერ არა. ჯერ არ ვარ იმ დონეზე...
 - რა სისულელეა. გინდა და წერე, ვინ გაკავებს ვიღაც კრეტინები, თვითონ რომ ორ სიტყვას ვერ აბამენ ერთანეთზე? ეგენი ნუ შეგაჩერებენ!..
 უცებ ამხედ-დამხედა.
 - აუ მაგარი როჟა იყავი, რა. ყველაზე მაგარი პერიოდი იყო ჩემ ცხოვრებაში. მაგრა ვერთობოდი და მაგრად მწყინს, რომ არ გახსოვარ!
 შემრცხვა. უცებ მობილურმა დაურეკა. ვიღაც ეჩხუბებოდა, თვითონაც დაუწყო ჩხუბი, უთხრა ახლავე მოვალო, ხელი დამიქნია და გაიქცა.
 გაკვირვებული გამოვბრუნდი და მთელი დღეა ამაზე ვფიქრობ. მეშინია დედაჩემს შევეკითხო ბაღში დავდიოდი თუ არა. რადგან, რომ აღმოჩნდეს რომ არა, მსუბუქად რომ ვთქვათ, თმა ყალყზე დამიდგება.

No comments:

Post a Comment

Note: Only a member of this blog may post a comment.