მოკლედ, მივდიოდი ავტობუსის გაჩერებისკენ და თან ტუჩებს ვიკვნეტდი, რადგან გამხმარი მქონდა. რა თქმა უნდა, გამეხა და სისხლი წამომივიდა. ყოველთვის ასე თავდება ხოლმე ეს ამბავი.
გაჩერებაზე არავინ იყო. 11 საათი იქნებოდა. გაჩერებაზე კი არავინ იყო. უცნაური ქალაქია მეთქი ვამბობ და არ მიჯერებთ.
მანქანებიც არ დადიოდნენ თითქოს. ჩუმად მოსრიალებდა ერთი-ორი. ნელა და უხმოდ. ასევე უხმოდ თოვდა. მარტო ვიდექი თეთრ ქუჩაზე.
ალბათ ყინულის ეშინიათ. ეშინიათ დაცემის და გარეთ არ გამოდიან. დღეს კი გამოაცხადეს -15, მაგრამ არამგონია ასეთი დაბალი ტემპერატურა იყოს. აბა, მაშინ, მე რატომ ვარ ასე კარგ ხასიათზე. მცხელა კიდეც. აჟიტირებული ვარ. გაღიმებული ვიყურები აქეთ-იქით. მაგრამ არავინაა, რომ ეს ჩემი აღფრთოვანება გადავდო.
კაცმა რომ თქვას, რა მიხარია? ის რომ წავიქეცი? თუ ის, რომ რაღაც ახალი ხდება ამ ქალაქში? ნუთუ ასეთი უბედური ვარ? იმედი მაქვს, რომ არა.
იმედი მაქვს, რომ ეს აღფრთოვანება უკავშირდება მხოლოდ იმას, რომ ჰორიზონტზე შავი ცხენი გამოჩნდა. ძალიან შავი, გრძელი ფეხებით. ნესტოებიდან ბოლი გამოსდის. მხედარსაც სულ შავები აცვია. გრძელი ფიგურა აქვს. მეტს ვერ ვარჩევ. თვალებს ვჭუტავ. ახლოვდებიან. . .
- ვინ ხარ და აქ როგორ მოხვდი? - მკითხა მხედარმა მშვიდად და მისი მთლიანად შავი მასკიდანაც ვიგრძენი, რომ წითელი თვალებით მიყურებდა.
- აზრზე არ ვარ - ვუთხარი გულწრფელად.
- მომისმინე... ჯერ ადრეა შენი აქ ყოფნა. არ ვიცი როგორ და რანაირად მოხვდი აქ, მაგრამ უნდა წახვიდე. ჯერ აქაურობას არ ეკუთვნი. ჯერ ძალიან პატარა ხარ.
- კი მაგრამ, უკვე ოცის ვარ - ვთქვი ბლუყუნით.
მხედარმა გადაიხარხარა.
- დიდი ყოფილხარ, ვერაფერს იტყვი.
დამცინოდა?! თუ მომეჩვენა? იმ სამყაროშიც აქვთ იუმორის გრძნობა?!
- მმ... რა ადგილია, შეგიძლიათ ეგ მაინც მითხრათ? - ვკითხე რაც შეიძლება თავაზიანად.
- არა, მაგასაც ვერ გეტყვი. მაგრამ, ალბათ, უკვე ისედაც ხვდები.
ვერ ვხვდებოდი, მაგრამ ეგ აღარ ვუთხარი. თუ ასეთი მიხვედრილი ვეგონე, ილუზიას არ დავუნგრევდი.
მე მხრები ავიჩეჩე და ჩავფიქრდი. გამეღიმა.
- აქ სიზმარში მოვდივარ ხოლმე, ხო?
მხედარმა თავი დამიქნია.
- შენ და ყველა სხვა, აქ მოდის მაშინ, როცა სხეულს ძინავს და სული ცოტა ხნით თავისუფალია.
გამეღიმა. ლამაზად ჟღერდა, მაგრამ მაინც ეჭვი მქონდა, რომ ყინულზე მოსრიალებისას თავი დავარტყი და ეს ყველაფერი სიმართლე არ იყო, ამიტომ ყურები ცოტათი ჩამოვუშვი.
- როდესაც ჯადოსნური გრძნობა გაქვს და ამ ფიქრზე კონცენტრირდები, შენდაუნებურად გადმოდიხარ აქ. ამას დიდი ენერგია კი ჭირდება, მაგრამ შენ ამის პრობლემა არ გაქვს. ყოველთვის გაქვს ენერგია იმისთვის, რომ სხვა განზომილებაში გადახვიდე, უბრალოდ გამოცდილება გაკლია. ჯერ შენი დრო არ არის.
თვალები გავახილე. ისევ ავტობუსის გაჩერებაზე ვიდექი. დიდი ხანი ვიყურებოდი გაშტერებული, სანამ ავტობუსი მოვიდა და ჩემს ცხვირწინ გააღო კარები. ცარიელი იყო. ავტობუსი ცარიელი იყო.
პირი დავაღე და ასე პირდაღებული ავედი.
ალბათ იმ და ამ სამყაროს შორის მაინც ხდება ხოლმე პატარ-პატარა გარღვევები და ამ დროს "იქიდან" ჯადოქრობა გადმოიღვრება ხოლმე. დღეს ასეთი დღე იყო.
No comments:
Post a Comment
Note: Only a member of this blog may post a comment.