ჩემს იდიოტურ თინეიჯერულ წლებში მეგონა, რომ ცხოვრება საინტერესო იქნებოდა. მეგონა სკოლას დავამთავრებდი და ჯადოსნურ სამყაროში შევაბიჯებდი. სამწუხაროდ, სკოლის შემდეგ ეგრევე გახრწნა დავიწყე. სასწრაფოდ უნდა მემოქმედა, თორემ ვიღუპებოდი. მაგ დროს ავაშენე ეს სამყარო ჩემ გარშემო. ის გაქრება და მეც გავქრები. მის გარეშე არ ვარსებობ. ჩემი ინდივიდუალურობა სამუდამოდ მასთანაა გადახლართული.
18 წლის ვიყავი, თავი წავიშალე და ახლიდან დავრეგისტრირდი ქვეყანასა ზედა. მანამდეც ის ვიყავი რაც ახლა ვარ, მაგრამ დამცავი ბარიერი არ მქონდა და ადვილად დამარცხებადი ვიყავი. ვერ ვატარებდი ჩემს სამყაროს ჩემთან ერთად. სხვა ხალხი მთრგუნავდა და მათი აურები ჩემსას ჭყლეტდა და გასაქანს არ აძლევდა.
ახლა ამას ვერავინ გამიბედავს. ღმერთი ვარ ბოლოსდაბოლოს. პირიქით, დავინახე, რომ ხალხი სუსტია. გამიტყდა. ეს მითიც დაიმსხვრა. ყველას რაღაც იდიოტური პრობლემა აქვს. არავის სცალია ჯადოსნური სამყაროსთვის.
ვისაც ცალია, იმასაც არ ცალია. ერთ შეხედვით გგონია, რომ მეგობარი იპოვე, მაგრამ დაელაპარაკები და ისიც ყველასნაირია, უბრალოდ კარგად მალავს ამას.
არ ვამბობ, რომ მე ყველაზე გამორჩეული ვარ და ა.შ. უბრალოდ ჩემნაირის პოვნა მინდა. ვიცი სასწაულს ვითხოვ. ან რაში უნდა მინდოდეს ჩემნაირი? ბოლოს მაინც ვიჩხუბებთ და წავა. მითუმეტეს, თუ საპირისპირო სქესის არსება იქნება. ოდესმე ხომ წავა?.. ვიცი რომ ასე იქნება. სულ ასე ხდება.
დღეს არ ვარ ჩვეულ ფორმაში. ბიბლიოთეკაში ვზივარ და ასტრონომიას ვუკირკიტებ. ჩემ გარდა კიდევ ერთი კაცი ზის და ფილმს უყურებს ყურსასმენებით. უცნაური გრძნობა მაქვს. მე სულ უცნაური გრძნობა მაქვს, მაგრამ ახლა განსაკუთრებით. რაღაც სხვანაირად ვარ... ა, მივხვდი. მარტო ვგრძნობ თავს.
ვინ არ იგრძნობდა თავს მარტო ცარიელ ბიბლიოთეკაში?.. ბევრი. მაგრამ მე მაინც განსაკუთრებულად მარტო ვარ. ისე ვარ, ლამისაა ავდგე და იმ კაცს ჩავეხუტო. ან დახლთან მდგომ გოგონას. სამწუხაროდ, ეს რომ ვქნა, აქ ვეღარ დავბრუნდები.
ასტრონომიას ვუკირკიტებ მეთქი, მაგრამ მთლად ასეც არაა საქმე. როგორც ხედავთ, მაგის მაგივრად ამ პოსტს ვწერ. ასტრონომიაც ძალიან შორს მეჩვენება ამ მომენტში ჩემგან. მე რა საქმე მაქვს კოსმოსთან, ან მას ჩემთან. არც კი იცის რომ ვარსებობ და ვაკვირდები. სულ ცალ ფეხზე ვკიდივარ. ის მილიარდობით წლები იყო და იქნება. მე კი არც კი მაქვს იმის დამადასტურებელი საბუთი, რომ ვარსებობ. ამ მომენტში არ ვარსებობ. აბა რატომ ვერ მამჩნევს ვერავინ ახლა?. არავინ მიყურებს, არავინ ინტერესდება იმით, რომ მცივა, მარტო ვარ, მშია და ზოგადად უაზრო არსებობას ვეწევი. მე კი სასტიკად ვერთობი, მაგრამ ობიექტურად რომ შევხედოთ, იდიოტი ვარ.
ყველაზე ძალიან ის მაცოფებს, რომ იდიოტი ვარ. ყველანაირად იდიოტი ვარ.
იმედია მალე აღვიდგენ ძალებს და ჩვეულ ფორმაში ჩავდგები. მანამდე კი ვიჯდები და ვიოცნებებ თბილ პლედზე.
No comments:
Post a Comment
Note: Only a member of this blog may post a comment.