Wednesday, February 26, 2014

fuckhim(სერგის ქრონიკები)

უნივერსიტეტის ეზოში ვიჯექი და ვცდილობდი goodreads-ის სია ერთხელ და სამუდამოდ შემევსო. ვიჯექი და ვიხსენებდი წაკითხულ წიგნებს. ჩემდა გასაკვირად სამასამდე ადიოდა და, ალბათ, კიდევ ბევრი არ მახსოვდა. გამოვშტერდი. სულ მეგონა, რომ ჯამში ოც წიგნზე მეტი არ მექნებოდა წაკითხული. მართალია, ნახევარი საბავშვო წიგნები იყო, მაგრამ მაინც...
 ვერ ვიგრძენი უკნიდან როგორ მომეპარნენ. ერთ წამს ჰორიზონტს ვზვერავდი, მეორე წამს სიბნელეში ვიყავი. ვიღაცამ საკუთარი კაპიშონი ჩამომაფხატა თავზე. ხელების ქნევა დავიწყე, მაგრამ არაფერი გამომივიდა. ვიღაცას ძლიერად ეკავა კაპიშონი. ბოლოს გავჩერდი, ეგებ რამე ჰქონდათ სათქმელი და მე ჩემი უაზრო ხვანცალით ხელს ვუშლიდი?!.
 მოკლედ, გავჩერდი მეთქი და დაველოდე მოვლენების განვითარებას. თქვენ წარმოიდგინეთ, ისიც გაჩერდა, უბრალოდ ასე, სიბნელეში ვიჯექი და ველოდებოდი მის შემდეგ ქმედებას. ჩემი უცნობი "მეგობარიც" გარინდული იდგა. უბრალოდ, ისევ ძლიერად ეკავა კაპიშონი. სახე ამეწვა. მალე გავიგუდებოდი. ამიტომ ამოვილუღლუღე "გამიშვი" მეთქი. თქვენ წარმოიდგინეთ, გამიშვა.
 თავი გავითავისუფლე და მოვტრიალდი. არავინ იყო. არც ნაბიჯების ხმა და არც არაფერი. თუ სხვა სამყაროს არსება იყო, აგრესიული არსება იყო. ეგ კი ნამდვილად ვიცოდი. იშვიათად შევხვედრილვარ აგრესიულ ჯადოსნურ არსებებს, ამიტომ აზრზე არ ვიყავი რა მექნა. დამეკიდა ეს შემთხვევა, თუ ამიერიდან ყურადღებით ვყოფილიყავი? მკითხავთან წავსულიყავი? ვინმემ გამთვალა? ხმალი მეყიდა??
 ამ ფიქრებში ვიყავი, რომ ისევ  ვერ ვიგრძენი ვიღაცის მოახლოება. ოღონდ ამჯერად, აშკარად არააგრესიული არსება მოდიოდა. ვიღაც გოგო იყო. შეშფოთებული ჩანდა.
 გოგო - უკაცრავად... ამ წამს... რა დაგემართათ? ის ბიჭი რომ გახრჩობდათ...
 მე - აა... არ ვიცი... აღმიწერე აბა ის ბიჭი - ვუთხარი მზაკვრული ღიმილით. აჰა! აი სად დაერხა! ახლა გავიგებ ვინც იყო!!!
 გოგო ახლოს მოვიდა და უცებ უკან გადახტა.
 გოგო - შენ იყავი! ის ბიჭიც შენ იყავი! ზუსტად შენ იყავი!
 მე - მართლა?! ნუთუ ბოროტი ორეული მყავს?? შენ რომელი გირჩევნია, ის თუ მე?
 გოგო - რავიცი... პირველი ის დავინახე.
__________________________________________________________
ეს მაღლა მყოფი ტექსტი დავწერე უნივერსიტეტის ვერანდაზე. მარტო ვიყავი. ერთ ხელში ცივი ყავის ქილა მეჭირა, მეორეში პასტა და ჩემს ბლოკნოტში ამას ვჯღაპნიდი. ანუ მორიგ პოსტს ბლოგისთვის, ან უბრალოდ, მორიგ მოთხრობას, რომელიც ჩემი ბლოკნოტის ფურცლებს არ დატოვებდა.
 ვიღაც გოგო იმიტომ შემოვიყვანე ამ ისტორიაში, რომ ვიღაც გოგო მართლა მომიახლოვდა და მკითხა რას წერო.
 ზოგადად არ მიყვარს ამას რომ მეკითხებიან, მაგრამ მას ისეთ სახე ჰქონდა, თთქოს მასაც არ უყვარდა ამას რომ ეკითხებოდნენ, მაგრამ ახლა ძალიან მოუნდა რომ გაეგო და მაინც მკითხა. ამიტომ ვუპასუხე - მოთხრობას მეთქი.
 მან მითხრა "ვა რა მაგარიაო". წავილაპარაკეთ. ძალიან საყვარელი და საინტერესო ჩანდა. უბრალოდ შუა ლაპარაკში თავისი შეყვარებული ახსენა.
 მომავალ პოსტამდე.

Sunday, February 23, 2014

magicbus (სერგის ქრონიკები)

 სადარბაზოდან გამოსულიც არ ვიყავი, რომ ყინულზე ფეხი დამიცდა და საკმაოდ მტკივნეულად დავეხეთქე მიწაზე. რამდენიმე წამი აზრზე ვერ მოვედი რა ხდებოდა ჩემს თავს და რატომ ვიჯექი ყინულზე. როცა ბოლოსდაბოლოს ავეხეტე იქიდან და ღრმად ჩავისუნთქე, მივხვდი რომ ის დღე ჩვეულებრივი არ იქნებოდა. რაღაც მოხდებოდა. რაღაც უცნაური. ვერ გეტყვით ყინულზე მოსრიალება რატომ დავუკავშირე რაღაც უცნაურის და საინტერესოს მოხდენას, მაგრამ ასე იყო. ეგრევე დამეტაკა ეს წინათგრძნობა და კინაღამ კიდევ წამაქცია.
 მოკლედ, მივდიოდი ავტობუსის გაჩერებისკენ და თან ტუჩებს ვიკვნეტდი, რადგან გამხმარი მქონდა. რა თქმა უნდა, გამეხა და სისხლი წამომივიდა. ყოველთვის ასე თავდება ხოლმე ეს ამბავი. 
 გაჩერებაზე არავინ იყო. 11 საათი იქნებოდა. გაჩერებაზე კი არავინ იყო. უცნაური ქალაქია მეთქი ვამბობ და არ მიჯერებთ. 
 მანქანებიც არ დადიოდნენ თითქოს. ჩუმად მოსრიალებდა ერთი-ორი. ნელა და უხმოდ. ასევე უხმოდ თოვდა. მარტო ვიდექი თეთრ ქუჩაზე. 
 ალბათ ყინულის ეშინიათ. ეშინიათ დაცემის და გარეთ არ გამოდიან. დღეს კი გამოაცხადეს -15, მაგრამ არამგონია ასეთი დაბალი ტემპერატურა იყოს. აბა, მაშინ, მე რატომ ვარ ასე კარგ ხასიათზე. მცხელა კიდეც. აჟიტირებული ვარ. გაღიმებული ვიყურები აქეთ-იქით. მაგრამ არავინაა, რომ ეს ჩემი აღფრთოვანება გადავდო.
 კაცმა რომ თქვას, რა მიხარია? ის რომ წავიქეცი? თუ ის, რომ რაღაც ახალი ხდება ამ ქალაქში? ნუთუ ასეთი უბედური ვარ? იმედი მაქვს, რომ არა.
იმედი მაქვს, რომ ეს აღფრთოვანება უკავშირდება მხოლოდ იმას, რომ ჰორიზონტზე შავი ცხენი გამოჩნდა. ძალიან შავი, გრძელი ფეხებით. ნესტოებიდან ბოლი გამოსდის. მხედარსაც სულ შავები აცვია. გრძელი ფიგურა აქვს. მეტს ვერ ვარჩევ. თვალებს ვჭუტავ. ახლოვდებიან. . . 
 - ვინ ხარ და აქ როგორ მოხვდი? - მკითხა მხედარმა მშვიდად და მისი მთლიანად შავი  მასკიდანაც ვიგრძენი, რომ წითელი თვალებით მიყურებდა.
 - აზრზე არ ვარ - ვუთხარი გულწრფელად. 
 - მომისმინე... ჯერ ადრეა შენი აქ ყოფნა. არ ვიცი როგორ და რანაირად მოხვდი აქ, მაგრამ უნდა წახვიდე. ჯერ აქაურობას არ ეკუთვნი. ჯერ ძალიან პატარა ხარ.
 - კი მაგრამ, უკვე ოცის ვარ - ვთქვი ბლუყუნით.
მხედარმა გადაიხარხარა. 
 - დიდი ყოფილხარ, ვერაფერს იტყვი.
დამცინოდა?! თუ მომეჩვენა? იმ სამყაროშიც აქვთ იუმორის გრძნობა?!
- მმ... რა ადგილია, შეგიძლიათ ეგ მაინც მითხრათ? - ვკითხე რაც შეიძლება თავაზიანად.
- არა, მაგასაც ვერ გეტყვი. მაგრამ, ალბათ, უკვე ისედაც ხვდები.
ვერ ვხვდებოდი, მაგრამ ეგ აღარ ვუთხარი. თუ ასეთი მიხვედრილი ვეგონე, ილუზიას არ დავუნგრევდი. 
 მე მხრები ავიჩეჩე და ჩავფიქრდი. გამეღიმა. 
 - აქ სიზმარში მოვდივარ ხოლმე, ხო?
მხედარმა თავი დამიქნია.
 - შენ და ყველა სხვა, აქ მოდის მაშინ, როცა სხეულს ძინავს და სული ცოტა ხნით თავისუფალია. 
 გამეღიმა. ლამაზად ჟღერდა, მაგრამ მაინც ეჭვი მქონდა, რომ ყინულზე მოსრიალებისას თავი დავარტყი და ეს ყველაფერი სიმართლე არ იყო, ამიტომ ყურები ცოტათი ჩამოვუშვი.
 - როდესაც ჯადოსნური გრძნობა გაქვს და ამ ფიქრზე კონცენტრირდები, შენდაუნებურად გადმოდიხარ აქ. ამას დიდი ენერგია კი ჭირდება, მაგრამ შენ ამის პრობლემა არ გაქვს. ყოველთვის გაქვს ენერგია იმისთვის, რომ სხვა განზომილებაში გადახვიდე, უბრალოდ გამოცდილება გაკლია. ჯერ შენი დრო არ არის.
 თვალები გავახილე. ისევ ავტობუსის გაჩერებაზე ვიდექი. დიდი ხანი ვიყურებოდი გაშტერებული, სანამ ავტობუსი მოვიდა და ჩემს ცხვირწინ გააღო კარები. ცარიელი იყო. ავტობუსი ცარიელი იყო. 
 პირი დავაღე და ასე პირდაღებული ავედი.
ალბათ იმ და ამ სამყაროს შორის მაინც ხდება ხოლმე პატარ-პატარა გარღვევები და ამ დროს "იქიდან" ჯადოქრობა გადმოიღვრება ხოლმე. დღეს ასეთი დღე იყო. 

Sunday, February 16, 2014

MentalBreakdown (სერგის ქრონიკები)

ჩემს იდიოტურ თინეიჯერულ წლებში მეგონა, რომ ცხოვრება საინტერესო იქნებოდა. მეგონა სკოლას დავამთავრებდი და ჯადოსნურ სამყაროში შევაბიჯებდი. სამწუხაროდ, სკოლის შემდეგ ეგრევე გახრწნა დავიწყე. სასწრაფოდ უნდა მემოქმედა, თორემ ვიღუპებოდი. მაგ დროს ავაშენე ეს სამყარო ჩემ გარშემო. ის გაქრება და მეც გავქრები. მის გარეშე არ ვარსებობ. ჩემი ინდივიდუალურობა სამუდამოდ მასთანაა გადახლართული.
 18 წლის ვიყავი, თავი წავიშალე და ახლიდან დავრეგისტრირდი ქვეყანასა ზედა. მანამდეც ის ვიყავი რაც ახლა ვარ, მაგრამ დამცავი ბარიერი არ მქონდა და ადვილად დამარცხებადი ვიყავი. ვერ ვატარებდი ჩემს სამყაროს ჩემთან ერთად. სხვა ხალხი მთრგუნავდა და მათი აურები ჩემსას ჭყლეტდა და გასაქანს არ აძლევდა.
 ახლა ამას ვერავინ გამიბედავს. ღმერთი ვარ ბოლოსდაბოლოს. პირიქით, დავინახე, რომ ხალხი სუსტია. გამიტყდა. ეს მითიც დაიმსხვრა. ყველას რაღაც იდიოტური პრობლემა აქვს. არავის სცალია ჯადოსნური სამყაროსთვის.
 ვისაც ცალია, იმასაც არ ცალია. ერთ შეხედვით გგონია, რომ მეგობარი იპოვე, მაგრამ დაელაპარაკები და ისიც ყველასნაირია, უბრალოდ კარგად მალავს ამას.
 არ ვამბობ, რომ მე ყველაზე გამორჩეული ვარ და ა.შ. უბრალოდ ჩემნაირის პოვნა მინდა. ვიცი სასწაულს ვითხოვ. ან რაში უნდა მინდოდეს ჩემნაირი? ბოლოს მაინც ვიჩხუბებთ და წავა. მითუმეტეს, თუ საპირისპირო სქესის არსება იქნება. ოდესმე ხომ წავა?.. ვიცი რომ ასე იქნება.  სულ ასე ხდება.
 დღეს არ ვარ ჩვეულ ფორმაში. ბიბლიოთეკაში ვზივარ და ასტრონომიას ვუკირკიტებ. ჩემ გარდა კიდევ ერთი კაცი ზის და ფილმს უყურებს ყურსასმენებით. უცნაური გრძნობა მაქვს. მე სულ უცნაური გრძნობა მაქვს, მაგრამ ახლა განსაკუთრებით. რაღაც სხვანაირად ვარ... ა, მივხვდი. მარტო ვგრძნობ თავს.
 ვინ არ იგრძნობდა თავს მარტო ცარიელ ბიბლიოთეკაში?.. ბევრი. მაგრამ მე მაინც განსაკუთრებულად მარტო ვარ. ისე ვარ, ლამისაა ავდგე და იმ კაცს ჩავეხუტო. ან დახლთან მდგომ გოგონას. სამწუხაროდ, ეს რომ ვქნა, აქ ვეღარ დავბრუნდები.
 ასტრონომიას ვუკირკიტებ მეთქი, მაგრამ მთლად ასეც არაა საქმე. როგორც ხედავთ, მაგის მაგივრად ამ პოსტს ვწერ. ასტრონომიაც ძალიან შორს მეჩვენება ამ მომენტში ჩემგან. მე რა საქმე მაქვს კოსმოსთან, ან მას ჩემთან. არც კი იცის რომ ვარსებობ და ვაკვირდები. სულ ცალ ფეხზე ვკიდივარ. ის მილიარდობით წლები იყო და იქნება. მე კი არც კი მაქვს იმის დამადასტურებელი საბუთი, რომ ვარსებობ. ამ მომენტში არ ვარსებობ. აბა რატომ ვერ მამჩნევს ვერავინ ახლა?. არავინ მიყურებს, არავინ ინტერესდება იმით, რომ მცივა, მარტო ვარ, მშია და ზოგადად უაზრო არსებობას ვეწევი. მე კი სასტიკად ვერთობი, მაგრამ ობიექტურად რომ შევხედოთ, იდიოტი ვარ.
 ყველაზე ძალიან ის მაცოფებს, რომ იდიოტი ვარ. ყველანაირად იდიოტი ვარ.
იმედია მალე აღვიდგენ ძალებს და ჩვეულ ფორმაში ჩავდგები. მანამდე კი ვიჯდები და ვიოცნებებ თბილ პლედზე.