Monday, September 24, 2018

Lighthouse


არ დაიჯერო დღეს რასაც გეტყვი
ხვალ შევიცვლები.
არ გესმის ჩემი
სახე გიქრება
და ნელა ცეცხლდები.

შენ გადმოყევი ღამეს.
ფეხებით ქვიშაში,
მარილით თმაში,
ქვა აიღე და ჩაკალი თავი.
 რადგან ვერ მიხვდი
საით უბერავს
რას გეუბნება ქარი.

ტალღის ფენები
ქაფი და ძვალი.
ვიღაცის წყლიანი ტანი.
და შენ ცეცხლ-ხდები.
მოჩანხარ ზღვიდან,
ბეჭებში ჩამტყდარი დანით,
კურდღლის თათებით,
შუშის თვალებით,
არაფრისფერი კანით

მოჩანხარ ზღვიდან
როგორც შუქურა -
ალმოდებული თავით.

Monday, July 23, 2018

\

ნუ მკიდებ ხელს
ხორცი მეწვება
გუშინ გიყურე როგორ ხოხავდი
ჩამოდიოდი და დაგორავდი
ბრჭყვიალა ხალხში
და სვამდი ბევრს
ნუ მკიდებ ხელს.
რადგან არ მახსოვს
რამდენი წლის ვარ.
რატომ ვციმციმებ.
და რატომ ვქვრები.

მშვენიერია, როგორ ეცადე
ამოგეთხარე,
როცა ვეცადე, რომ დამემარხა წარსული თავი.
შენ ისეთი ხარ,
რეალობა შენკენ იხრება
შენ ისეთი ხარ,
სხვაგან დადიხარ
ყველაფერს ფარავ
და თუ მოგინდა
 ყველას ამოჭამ
მაგრამ არ იზამ,
 რადგან, კარგი ხარ
ამას არ იზამ
რადგან კარგი ხარ
ყოველ შემთხვევაში,
დღეს.

Wednesday, March 7, 2018

ჰჰ



დღეს ყველა მოკვდა
როგორ ვერ ხედავ?
კისერს გავღუნავ
მარჯვნივ და მარცხნივ
ყოველ მეშვიდე თვალს ამოვტეხავ
შენი გვირგვინი მიცურავს ჟანგში.

ყოველი ორმო არის ხაფანგი
შემეძლო შენთვის არასდროს მეთქვა
რომ ვატრიალე მორევი ჭაში
რომ ჩემი ტვინი მიცურავს ცაში

და სანამ გაყინულ საბანში მეძინა
მელია უძირო სოროში ჩახტა.

არ ვარ
და შენ ბრმა ხარ თუ მხედავ
ვინ ვარ თუ არა ბრტყელი ღამურა
ფეხებით კიდია და წვეთ-წვეთობით
ჩაიღვენთება გული ცხრაკუთხად.

Sunday, January 28, 2018

Loch Ness Monster

თავი მძიმდება,
ერთ ყურში მესობა და მეორედან გამოდის
შენი სათამაშო სარი.

თვალდახუჭული ფერიები
გაშეშებული ქარი
და გამორთული მდინარე.
ამათ წინ
ჩემი თავი ცოტა ხნით შევაჩერე
და შემდეგ, დავწვი.


დღეს
ცა ისე დაბლაა,
ავლოკავ.
ენის წვერიდან ამოვა ალი.
და შენ ბნელდები
რადგან, ქვემოთ ხარ
ამოხოხდი და
 დახრილად წადი.

Friday, January 12, 2018

A





















მარტო ხარ და ყველაფერი მიყვება სხივებს
ნაცრისფერი და ლურჯი ქვები ჯიბეებში
ნეტა მენახე იქამდე, სანამ გაყევი წყლის გზებს.
იყავი მხლოდ ოცდაორის.
შენში იყო ყველაფერი და მეტი.
ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის.

შენ ხედავ ფიქრებს
შენში არის დამატებითი ხაზი
გადატეხილი ხიდი
ფერის ყველაზე უცნაური შეგრძნება
შუაში გახლეჩილი ჩუმი აფეთქება.
და შენკენ მომავალი ჭყაპუნა კვალი.

ვეღარ იფხიზლე
თვალები დახუჭე ნელა
ღრმად ჩაყვინთე
და სხვა სამყაროსკენ მიმართე მზერა.