იმ დღეს ფული გამითავდა და მე კი სასტიკად მინდოდა ერთი წიგნის ყიდვა. პროსპეროს წიგნებში ვიჩხრიკებოდი და ალისას ერთი არაჩვეულებრივი გამოცემა ვნახე. საოცარი სუნი ქონდა, ფურცლები შედევრი, ყდა შედევრი. მოკლედ, ჩემი უნდა ყოფილიყო, თორემ გავაფრენდი. ბოლო იყო დარჩენილი, ამიტომ გეოგრაფიის წიგნებს შორის შევჩურთე და ღამე ვლოცულობდი, რომ არავის ეპოვა.
მეორე დღეს თავში ფეხების რტყმევით მივვარდი, მაგრამ შიგნით შესულიც არ ვიყავი, რომ მივხვდი, წიგნი იქ აღარ იყო. სწორიც ვიყავი. გაიყიდაო მითხრეს. მეტი აღარ შემოუვიდოდათ.
დაჭრილი მხეცივით მომინდა დაღრიალება, მაგრამ მიმოვიხედე და კლიენტები ზედმეტად ჩუმად და მშვიდად საუბრობდნენ და ზედმეტად ცივილურად მიირთმევდნენ ნამცხვარს ჩაისთან. ამიტომ ენაზე ვიკბინე და თავის კანტურით შემოვიფარგლე.
ეზოში გამოვედი. მშვენიერი ამინდი იყო. ყველა მაგიდა გადატენილი იყო. ძალამ მიმტყუნა და იქვე, კიბეზე ჩამოვჯექი. ის წიგნი ჩემი აღარ იქნებოდა. ცხოვრებამ აზრი დაკარგა.
ავიხედე და პირდაპირ თვალწინ გამეჩითა ჩემი საოცნებო წიგნი.
ვიღაც ორ გოგოს ედოთ მაგიდაზე. მილქშეიქებს სვამდნენ და იცინოდნენ. პირი გამიშრა. ხელი გავიწვდინე, და მალევე ჩამოვუშვი უკან, რომ ყურადღება არ მიმექცია. უნდა მემოქმედა, თან სწრაფად.
ავიძურწე და მათ მაგიდასთან მივიძურწე. სირცხვილი მთლიანად დავკარგე და ეს არც მადარდებდა.
ჩავახველე. არავინ გამომხედა. არც კი შემიმჩნიეს. არადა ძალიან ახლოს ვიდექი მაგიდასთან. ფაქტობრივად მათ თავზე ვედექი. გამიკვირდა.
- ამმ... ისა... უკაცრავად
ახლა იცოცხლე, შემიმჩნიეს. ორივემ ცხვირაბზუებულმა ამომხედა.
ეგრევე საქმეზე გადავედი.
- მმ... ეს წიგნი ძალიან მჭირდება. ანუ, დაბადებისდღეზე უნდა მიმეტანა ჩემი დისთვის და რამენაირად შესაძლებელია, რომ თქვენგან ვიყიდო?
მარცხენას, შავთმიანს გაეცინა. თავი გაიქნია. ესეიგი მაგის წიგნი იყო.
- არა... არ შეიძლება. ბოდიში. ძალიან მომწონს ეს გამოცემა.
კინაღამ ყელში ვწვდი, მაგრამ შევიკავე.
მაგის რიჟა მეგობარი ცალყბა ღიმილით მიყურებდა ხან მე ხან თავის დაქალს.
ღრმად ჩავისუნთქე და გავაგრძელე დარწმუნება.
- არა, მომისმინე... ანუ...
ხელი დავადე წიგნს. მუქთმიანმაც დაადო.
ჩემკენ გამოვწიე. მან თავისკენ გაწია უკვე გაბზარებულმა.
- რა ხდება, ამიხსენი?! - მითხრა ცოტა ხმამაღლა მაგრამ ძალიან არ მეჩხუბა. ალბათ ძალიან საწყალი სახე მქონდა. ახლა რომ ვიხსენებ, მგონი თვალებით ვჭამდი წიგნს.
- ასე ძალიან გინდა? - მკითხა რიჟამ ისევ იმ ცალყბა ღიმილით.
ხელი ავიღე პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით და კურტკის ჯიბეშ ჩავიდე, რომ კიდევ არ გამქცეოდა.
- კარგი, არაფერი... - ვთქვი ამოხვნეშით.
რამდენიმე წამით შევიცადე. ორივე დამცინავი ღიმილით მათვალიერებდა.
- გეტყობა კითხვა გიყვარს. - მითხრა ბრუნეტკამ.
ახლა მე გამიკვირდა.
- რაზე მეტყობა?!
- რავი, აღნაგობაზე. გამხდარი ხარ, მაღალი და წელში მოხრილი. ზედმეტად ფერმკრთალი ხარ და ნერვიული მოძრაობები გაქვს.
ცალი წარბი ავზიდე.
- და ძალიან გინდა ეს წიგნი - დააყოლა რიჟამ - ფსიქოლოგიურზე ვსწავლობთ - მითხრა ნიშნისმოგებით.
- ჩემთვის არ მინდა, ჩემი დისთვის მინდა მეთქი - აღვშფოთდი.
- რა ქვია შენს დას. სწრაფად მითხარი - თქვა შავთმიანმა სიცილით.
არ ვიცი რა დამემართა, შემძლო მეთქვა მარიამი, ნინო სალომე. მაგრამ იმ წამს ენა დამება და ვერაფერი მოვიფიქრე. ერთად გადაიხარხარეს.
თავი უკან გადავკიდე. საშინელება ხდებოდა. სხვების ყურადღებას ვიპყრობდი. დრო იყო დამეხვია იქიდან.
მხრები ავიჩეჩე და გასასვლელისკენ წავედი. დამიძახეს. მოვტრიალდი.
წიგნის პატრონმა მოირბინა. წიგნი შემომაჩეჩა.
- მგონი შენ უფრო გინდა ვიდრე მე. თან მაქვს უკვე ალისა.
ვიუარე. მაინც შემომაჩეჩა. უკან დავუბრუნე, ისევ ჩამიჩურთა ხელებში. მოკლედ, დიდი გაწევ-გამოწევის შემდეგ დამარწმუნა, რომ ჩემი უნდა ყოფილიყო. ეგ მეც ვიცოდი რომ ეს წიგნი ჩემი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მაინც გამიტყდა გამორთმევა. ბოლოს მაინც კარგი მეთქი და ფული გავუწოდე. ახლა ფულზე დაიწყო გაწევ-გამოწევა.
არ უნდოდა გამორთმევა, მაგრამ ახლა მე ჩავუჩურთე ჯიბეში.
ბევრი ვიცინეთ. რიჟაც იცინოდა მაგიდიდან.
დიდი მადლობა გადავუხადე. ორივემ ფეიზბუკზე დამამატა იქიდანვე. ხელი დავუქნიე და წამოვედი. ავტობუსის გაჩერებაზე ეს სიმღერა ჩავრთე.
http://www.youtube.com/watch?v=hOSzGYKaJGE