მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, პირდაპირ იმაზე გადავალ, რომ ერთ ბიბლიოთეკაში დავრეგისტრირდი, პირველივე დღეს შემოვილაგე ხუთი წიგნი და დიდი მონდომებით ჩავუჯექი ფილოსოფიას, ამერიკის ისტორიას, ფიზიკას და გეომეტრიას. ჯერჯერობით ამათ.
ასე ვთქვათ, გაკვეთილივით ვსწავლობდი. ყოველდღე თითო საგანში ერთ თავს და დიდ წარმატებასაც ვაღწევდი. ერთი ამდაგვარი მეცადინეობისას, როცა ჩემს ბლოკნოტში გამალებით ვიწერდი რაღაც ისტორიულ თარიღს, შუქი ჩაქვრა. დიახ. ბიბლიოთეკაში ჩაქვრა შუქი. ხელი ჰაერში გამიშეშდა. თავი ფრთხილად ავწიე. რამდენიმე მკითხველმა დაიბუზღუნა, ზოგმა მობილური ჩართო გასანათებლად. წამოდგომა დაიწყეს. ნელა გაიკრიფნენ შენობიდან. მესმოდა როგორ ეძებდა სანთელს ბიბლიოთეკარი. უცებ გონს მოვეგე, სწრაფად მოვიცვი კურტკა, ავიღე ჩანთა და ბლოკნოტი შევინახე. შემდეგ ფრთხილად წამოვდექი, სკამის ჭრაჭუნი რომ არ გაეგოთ და წიგნების ერთ-ერთი თაროს უკან მივიმალე.
ახლა ზუსტად ვერ გეტყვით რატომ ვქენი ეს... მაგრამ არაჩვეულებრივი შეგრძნება იყო. იატაკზე დავჯექი და ღიმილს ვერ ვიშორებდი სახიდან. უკუნეთი სიბნელე იყო. შუქი ერთ საათში მოვიდა. ბიბლიოთეკარმა რომ დამინახა, შეყვირა. ძლივს დავაწყნარე და ბედნიერი გამოვედი შენობიდან.
როგორ გითხრათ... მომწონს ხოლმე, როდესაც სისტემაში რაღაც ირღვევა. როცა ყველაფერი რუტინულად არ მიდის. როცა ჩვენ ჩვენ აღარ ვართ. გარემო ის არ არის, რომელსაც მივეჩვიეთ და ჩვეულებრივად აღვიქვამთ. ხანდახან საჭიროა ასეთი მომენტები. ყოველ შემთხვევაში ჩემთვის...
ხო, ალბათ მართლა მოსაწყენი ცხოვრება მაქვს. მართალი ხართ. შუქის წასვლა რომ გაგახარებს... ღმერთმანი.
ხო, ალბათ მართლა მოსაწყენი ცხოვრება მაქვს. მართალი ხართ. შუქის წასვლა რომ გაგახარებს... ღმერთმანი.