იმ ღამეს საშინლად მეძინა. ყველა საშინელი მოგონება ერთად წამოვიდა და თავს არ მანებებდნენ. ბოლოს რაღაც საშინელებების წარმოდგენა დავიწყე და მანდ მივხვდი რომ ვეღარ დავიძინებდი. ავდექი.
თითქოს დიდი არაფერი, მაგრამ ფიზიკურად ცუდად ვიყავი. ყელი სასტიკად მეფხანებოდა შიგნიდან. მეორე დილით რომ ვნახე, სულ დაკაწრული მქონდა. ცივი ოფლი მასხამდა და ახლა რომ ვფიქრობ, მგონი სიცხე მქონდა. უცნაურია, რომ მაშინ აზრადაც კი არ მომსვლია ეს. უბრალოდ მეგონა, რომ რაღაც ჯოჯოხეთისებრ განზომილებაში გადავედი და ეგ იყო და ეგ. დიდი ამბავი.
მოკლედ, სამზარეულოს მაგიდაზე ჩამოვჯექი და საათს ვუყურებდი. უკან მიდიოდა. აშკარად არ მეჩვენებოდა. კარგად დავაკვირდი, მაგრამ ფოკუსს ვკარგავდი და ბოლოს თავი დავანებე. იატაკს ჩავაჩერდი. პირიდან ნერწყვი წვეთავდა. დავინახე როგორ დაეცა იატაკზე პირველი წვეთი, დანარჩენი მალე წამოყვა. აზრზე მოვედი. დავბრუნდი ჩემს საწოლში, კედლისკენ გადავბრუნდი და შავ კედელს მივაჩერდი. და მაშინ გავიაზრე ერთი საშინელი რამ. რომ მოვკვდებოდი. ყველანი მოვკვდებოდით. ეს იდეაში ყველამ ვიცით, მაგრამ მაშინ ყველანაირად შევიგრძენი. ისიც მწვავედ ვიგრძენი, რომ ყველაფერს, რასაც დილაობით ვთამაშობთ, ერთი დიდი იდიოტიზმია და მეტი არაფერი. უაზრო, ყოველდღიური ზეიმი. ბლეფი. მოკლედ, არასწორია ყველაფერი. როგორ მოვედი აქამდე? ამდენი წელი როგორ გავძელი?
სამწუხაროდ, მეორე დილით ისევ კარგად ვიყავი. ისევ ჩვეულებრივად გავაგრძელე ცხოვრება. და ახლა ხშირად ვფიქრობ ხოლმე... რომელია რეალობა? ის საშინელი გამონათება, იმ საშინელ ღამეს რომ მქონდა, თუ მზიანი დღეები. როცა ჩვეულებრივად ხარ ჩვეულებრივ ცხოვრებაში ჩართული და ნაზად შეგუებული, შენი ნებით იხრწნები საზოგადოებაში.