Tuesday, February 25, 2020

ცეცხლიანი ქვები

ცეცხლიანი ქვები
მე შენ გპირდები
როცა ვინთები
ყოველთვის ვქრები.

ცეცხლიანი ქვები
ბნელი სიზმრები
შიგნით ბჟუტავენ
გველის თვალები

ცეცხლიანი ქვები
ისევ ვშეშდები
ტეხილი თითები
შეშლილი სახე.

გულისამრევად მორჩილი სახე.
გულისამრევად ნაცნობი სახე.


Tuesday, November 12, 2019

myDebutNovel





მართა ურუშაძე
 "მეხამრიდი"

Wednesday, October 23, 2019

აქ მოვედი რომ ვიფიქრო

უცხო ხალხს ედებოდი სხეულზე
და გავიგონე - მე ღმერთი მინდა.
მორალურ კომპასზე არაფერს ვამბობდი
რადგან ტყუილი ყოველთვის ჭრიდა.

გგონია, ოდესმე ზეცაში ახვალ
უჩინარ ხიდებზე სირბილით გახვალ.

ის, რომ მოგწყინდა არაფერს ცვლის.
მეცხრე კარიბჭე შენთვის იცდის.

და ამის გამო, დედამიწაზე, შენ არაფერი გღლის.

9999

Even a mere mention of your name makes me retreat
You are the thickest skin on my bones
I won't break free
It was a lie.
You make me sick.

ისე დაბნელდა
ვერც კი გიპოვე
ხვალ გავაგრძელებ
და ისევ ვერ გიპოვი.
თავი მარჯვნივ მიდის
და მძინავს.
მთვრალი არ ვარ
მაგრამ ტვინი კაკუნობს.

მინდა ყველას ჩამოგართვათ ხელი.

Monday, January 7, 2019

i don't want to be reminded that i'm me

ბავშვს ცეცხლი დაუვარდა
შავი ჩაღრმავება ფეხებთან
გაკრთა და ჩაქრა.
წითელი ხაზი ჩაყვა.
გაქრა დღე.
ისევ.
ყბა გიკანკალებს,
იმედია, ჩემი ბრალი არ არის.
უბრალოდ, ვცდილობ, მოსაწყენ რეალობას
მოვეჭიდო ბრჭყალებით.

რა გინდა?!
შენ ხომ იყავი!
შენ ხომ უკვე იყავი!
არ თქვა, რომ კიდევ და კიდევ და კიდევ!

მომბეზრდა.
ხელი გავუშვი
გამართე!
ნეტა, რას იზამს?!
ფეხი გავკარი.
ჩემს გულში ლურჯ ზარს თითი გავკარი.
მისი ხმა საუკუნეებს გაწვდება.
ვერავინ გაიგებს, რომ
ჩემია,
ჩემია,
ჩემია!

Monday, September 24, 2018

Lighthouse


არ დაიჯერო დღეს რასაც გეტყვი
ხვალ შევიცვლები.
არ გესმის ჩემი
სახე გიქრება
და ნელა ცეცხლდები.

შენ გადმოყევი ღამეს.
ფეხებით ქვიშაში,
მარილით თმაში,
ქვა აიღე და ჩაკალი თავი.
 რადგან ვერ მიხვდი
საით უბერავს
რას გეუბნება ქარი.

ტალღის ფენები
ქაფი და ძვალი.
ვიღაცის წყლიანი ტანი.
და შენ ცეცხლ-ხდები.
მოჩანხარ ზღვიდან,
ბეჭებში ჩამტყდარი დანით,
კურდღლის თათებით,
შუშის თვალებით,
არაფრისფერი კანით

მოჩანხარ ზღვიდან
როგორც შუქურა -
ალმოდებული თავით.

Monday, July 23, 2018

\

ნუ მკიდებ ხელს
ხორცი მეწვება
გუშინ გიყურე როგორ ხოხავდი
ჩამოდიოდი და დაგორავდი
ბრჭყვიალა ხალხში
და სვამდი ბევრს
ნუ მკიდებ ხელს.
რადგან არ მახსოვს
რამდენი წლის ვარ.
რატომ ვციმციმებ.
და რატომ ვქვრები.

მშვენიერია, როგორ ეცადე
ამოგეთხარე,
როცა ვეცადე, რომ დამემარხა წარსული თავი.
შენ ისეთი ხარ,
რეალობა შენკენ იხრება
შენ ისეთი ხარ,
სხვაგან დადიხარ
ყველაფერს ფარავ
და თუ მოგინდა
 ყველას ამოჭამ
მაგრამ არ იზამ,
 რადგან, კარგი ხარ
ამას არ იზამ
რადგან კარგი ხარ
ყოველ შემთხვევაში,
დღეს.